“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს “ძერჟინსკად” მოიხსენიებს და ამბობს, რომ მისი “ბედნიერება დროებითია”. ინაშვილი ამით კობახიძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს, სადაც უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ პარლამენტში “პატრიოტების” რუსული შემადგენლობა არ შევიდა.
„ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა დავამთავროთ პოლიტიკური იარლიყების მიკერების ასეთი უზნეო პრაქტიკა. მესმის, რომ კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა ვუთხრა, რომ ის დროებითაა ბედნიერი, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ეს ბედნიერება.
დაინიშნება ახალი არჩევნები და კობახიძე აღარ იქნება პარლამენტში. მე პარლამენტში ვსაუბრობდი საქართველოს ინტერესების დაცვაზე, ვლაპარაკობდი მშვიდობაზე, შერიგებაზე აფხაზებთან და ოსებთან, ესაა რუსული შემადგენელი?”- თქვა ირმა ინაშვილმა და “ქართული ოცნების” მმართველობა კომუნისტურ მმართველობას შეადარა.
“ახლა მინდა გითხრათ, რომ ვითონ დასავლური „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში კომუნისტურ საქართველოს აგებდა და ბოლოს მიაღწია, რომ კომუნისტური პარტიის რეჟიმში მოქმედებს ახლა.
ვითომ დასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო პარლამენტში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური პროცესი. ისე დაამახინჯეს და ერთ პარტიაზე მოირგეს რეგლამენტი, რომ მაგალითად, 4 დეპუტატი ფრაქციას ვერ ქმნის და არავითარი ბერკეტი არ აქვს, რომ პარლამენტში პოლიტიკური დებატი გაუწიოს „კომუნისტურ ოცნებას“. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება დიდი გამოფხიზლება ამ ქვეყანაში და თვალის ახელა იმაზე, რა სახელმწიფოს ქმნის „ქართული ოცნება“. – განაცხადა ირმა ინაშვილმა.