მრავალი წელია შობის დღესასწაულზე მთელ საქართველოში ტრადიციული ”ალილოს” მსვლელობა იმართება. თუმცა, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, არ ჩატარდება.
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან საკმეველს მოატარებს, იგალობებს და ნაკურთხ წყალს მიაპკურებს. რაც შეეხება საშობაო მსახურებას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II 6 იანვარს, საღამოს 23:00 საათზე აღასრულებს.
“მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები,” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ”ალილოს” მსვლელობის დროს, ბავშვთა სახლების, მოხუცებულთა თავშესაფრების და სასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვის შემოწირულობა გროვდება. შესაბამისად, ტრადიცია არც წელს დაირღვევა და პროცესი რეგულაციების დაცვით განხორციელდება.