ახალი შოუ „მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიასთან ერთად იწყება. ,,მთავარი ჭკვიანი” ეთერში ყოველ პარასკევს, ვანო ჯავახიშვილის შოუს დასრულების შემდეგ გავა. პირველ გადაცემას ახალი წლის პირველ დღეს ვიხილავთ. ეს არის შოუ, სადაც შეგიძლიათ, თქვენი ცოდნით 50 000 ლარი მოიგოთ.
ახალი ინტელექტუალური შოუს ანონსი ახლახან გავრცელდა.
გადაცემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელმაც გადაცემის ფორმატი თავად შექმნა და როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, გადაცემა მაყურებელს საკმაოდ საინტერესო შოუს შესთავაზებს.
ნიკა გვარამია:
ვფიქრობ, ზოგადად, ქართულ ტელევიზიაში გეიმშოუების დიდი შიმშილია, თან, ისეთი ინტელექტუალური შოუსი, როგორიც ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის ჩვენი ფორმატი. შეიძლება, ვინმემ რამეს მიამსგავსოს, მაგრამ ასე არ არის. საავტორო უფლება მე მაქვს. ვფიქრობ, ძალიან კარგი, საინტერესო, დინამიკური პროექტი გამოვიდა. არ მგონია, ვინმეს კითხვა გაუჩნდეს, რატომ მიმყავს ეს პროექტი მე, ვინაიდან დაკავშირებული ვარ ინტელექტუალურ შოუებთან.
1-ელ იანვარს ეთერში გავა პირველი გადაცემა, ჩვენს პრაიმტაიმში, ვანო ჯავახიშვილის ფანტასტიკური შოუს შემდეგ. პაირისა და პრომოუშენისთვის კარგი დროა, როცა ყველა და ყველაფერი ისვენებს. როგორც ამბობენ, საინტერესო გამოვიდა, დამონტაჟებული ვერსია ჯერ არ მინახავს.
პირისპირ ძალიან ჭკვიანი ადამიანები უნდა დაგისხდნენ სათამაშოდ?
შეიძლება, ადამიანს ძალიან ჭკვიანი ეგონოს თავი, ჩვენს გადაცემაში კი გამოჩნდება, ნამდვილად არის თუ არა (იღიმის). მხოლოდ ინფორმაციის ქონა არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია ლოგიკა. როცა ინტელექტუალურ თამაშებში ვმონაწილეობდი, განვეკუთვნებოდი ლოგიკური მოთამაშეების კატეგორიას. აბსოლუტურად ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია, მაგრამ ლოგიკით მიხვედრა შესაძლებელია, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ. ცოდნა, ლოგიკა და ცოტაოდენი გამართლებაც უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, ვინც ჩემ პირისპირ დაჯდება ამ შოუში.
რომელიმე მონაწილემ მოახერხა თქვენი გაკვირვება?
ჯერ ხუთი გადაცემა ჩავწერეთ, ვინ მოახერხა ჩემი გაკვირვება, ამას ნახავთ. ტელევიზიაში მთავარი მხოლოდ გამოცნობა არ არის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მიმდინარეობს შოუ, როგორ მიჰყავს ის წამყვანს, როგორი პერსონაჟია მონაწილე. ჩვენ თამაშის გარდა, მაყურებელს მონაწილის პორტრეტს ვაჩვენებთ, ესეც გათვალისწინებულია გადაცემის ფორმატში. შერეული ჟანრის გადაცემაა და იმედი მაქვს, მაყურებელს მოეწონება.
თქვენ თუ დაჯდებოდით ნიკა გვარამიას პირისპირ ასეთ გადაცემაში?
აუცილებლად დავჯდებოდი!..
ნინო მურღულია