პანდემიის კუთხით 2021 წლის მთავარ გამოწვევად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კორონავირუსის ახალ სახეობებს ასახელებს. განცხადება ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
“2021 წელს იქნება ახალი სირთულეები და გამოწვევები, მაგალითად, კორონავირუსის ახალი სახეობა და პანდემიისგან დაღლილი ადამიანების დახმარება, რათა მათ ვირუსთან ბრძოლა გააგრძელონ.”- აღნიშნა გებრეიესუსმა.
ახლა მეცნიერები ჯანმოსთან მჭიდრო თანამშრომლობით მსჯელობენ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ახალი შტამი ვირუსის გავრცელებასა და დაავადებების გამოწვევაზე.
რაც შეეხება ვაქცინის ხელმისაწვდომობის საკითხს, ჯანმოს ხელმძღვანელის განაცხადებით, წარმოუდგენელი სამეცნიერო მიღწევაა ის ფაქტი, რომ ბოლო კვირების მანძილზე უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის გავრცელება რიგ ქვეყნებში დაიწყო, თუმცა, როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იქამდე არ დაისვენებს, ვიდრე ვაქცინა ყველგან არ გახდება ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის, ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი ფინეთში დაფიქსირდა. ვირუსის კიდევ ერთი ახალი სახეობის სწრაფად გავრცელების გამო კი შეზღუდვები გამკაცრდა სამხრეთ აფრიკაში, სადაც გახანგრძლივდა კომენდანტის საათი.