LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

70
FORTUNA.GE- (1)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდსა და ხობში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, “ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით, 2 პირი დააკავა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ – როლანდ გეგეჭკორის მითითებით, 2020 წლის დასაწყისიდან, სამეგრელოში, ერთ-ერთ ბიზნესმენს და მის ბიზნესპარტნიორს პერიოდულად უკავშირდებოდნენ და „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხის გადახდას სთხოვდნენ.

ამ მიზნით, მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა გამართეს ქურდული გარჩევა, რომელზეც აღნიშნული ბიზნესმენები მათ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ ინტერნეტის საშუალებით გაასაუბრეს. მან ბიზნესმენებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე 10 000 – 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. როლანდ გეგეჭკორმა, ასევე, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების თანხა მომავალში თანაბრად განაწილებულიყო დაკავებულებსა და მას შორის.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მას შემდეგ დააკავეს, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მათ მოთხოვნილი თანხა – 10 000 ლარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9987 ლარი და „გეკოს“ ტიპის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

“ქურდული სამყაროს” წევრობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები