LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის ფონზე რა ნეგატიურ რისკებს წარმოშობს ლარიზაცია?

126
1544018458-43944

ეროვნული ბანკის ინფორმაციით ლარიზაცია, ანუ იგივე დე-დოლარიზაცია, გვიჩვენებს ქვეყანაში ლარის გამოყენების წილს ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაში.

სებ-ის შეფასებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების ზრდა და შესაბამისად, ლარიზაციის მაჩვენებლის მატება მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად.

გარდა იმისა, ლარიზაციის დაბალი დონე ამცირებს მონეტარული პოლიტიკის ზეგავლენას ეკონომიკაზე, იგი წარმოშობს სავალუტო რისკს საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დაუცველია გაცვლითი კურსის მერყეობისგან.

„ბიზნესკურიერი“ დაინტერესდა, რას გვაძლევს რეალურად ლარიზაცია, განსაკუთრებით პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე, რამდენად პროდუქტიულია მისი მოქმედება.

როგორც ანალიტიკოსმა, ფინანსისტმა, პროფესორმა აკაკი ცოამაიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ის არა თუ პანდემიისგან ნეგატიური გავლენების ფონზე, არამედ ზოგადად, არ ემხრობა ლარიზაციის პროგრამას.

მისი შეფასებით, ლარიზაცია რელურად ვერანაირ შედეგს ვერ მოგვიტანს. ფუნდამენტური საკითხი არის ის, რა ვალუტაში განვათავსებთ ჩვენ დეპოზიტებს, სანამ ჩვენი დეპოზიტები არის დოლარში, უცხოურ ვალუტაში, ეკონომიკის ზრდა კი არის დაბალი ლარიზაციის პროცესს აზრი არ აქვს.

„საქართველოში ადამიანები დანაზოგს აკეთებენ უფრო მეტად დოლარში, უფრო ენდობიან დოლარს, ეს შესაბამისად საბანკო სისტემას აიძულებს, რომ სესხებიც გასცენ უცხოურ ვალუტაში. ამაზე ეროვნული ბანკი გავლენას ვერ მოახდენს. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს გავლენას, თუ აუკრძალავს მოქალაქეებს უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების განთავსებას, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ გააკეთებს.

 

ლარიზაციის პროგრამა სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს - ლადო პაპავა

მისი თქმით ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც პანდემიის პირობებში ლარის გაუფასურება გამოიწვია.

 

ცომაია იმასაც აღნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა არის რისკებთან დაკავშირებული.

„ადამიანების უმრავლესობას სესხები აქვს ეროვნულ ვალუტაში, მაგრამ საფინანსო სექტორი სესხებს გასცემდა უცხოურ ვალუტაში და დღესაც გასცემს, ეს ძალიან დიდ პრობლემას არ ქმნიდა მანამდე, სანამ ლარის კურსი იყო სტაბილური. როგორც კი ლარის კურსმა დაიწყო რყევა, ადამიანები საკმაოდ მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ იმიტომ, რომ შემოსავალი აქვთ ლარში და სესხი აქვთ უცხოურ ვალუტაში. თავად საფინანსო სექტორს აწყობს სესხის გაცემა უცხოურ ვალუტაში იმიტომ, რომ უფრო მეტად დაცულია ის ამ შემთხვევაში.“

აკაკი ცომაიამ ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობს, მეტი სესხის გაცემა მოხდეს არა უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში, სწორედ ამას ემსახურება ლარიზაციის პროგრამა და ამ მიმართულებით სებ-მა სხვადასხვა ნაბიჯი გადადგა. მაგალითად, შეზღუდა სესხები უცხოურ ვალუტაში 200 000 ლარამდე, მოახდინა იძულება, რომ სესხები გაცემულიყო ლარში, ამით კი გაზარდა სავალდებულო რეზერვების ნორმა უცხოურ ვალუტაზე.

„ფინანსური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ფინანსური კრიზისის დროს, როგორიც არის პანდემია თუ კომერციულ ბანკებს შეექმნებათ ლიკვიდობის პრობლემა, ცენტრალური ბანკი  ვეღარ იქნება საბოლოო ინსტანციის ბანკი, რომელიც შეძლებს ფინანსური ინსტიტუტების გადარჩენას იმიტომ, რომ ამ ფინანსურ ინსტიტუტებს სესხი აქვთ გაცემული უცხოურ ვალუტაში და თავად ეროვნული ბანკი არის ლარის ბეჭდვის ინსტიტუტი და არა დოლარის ბეჭდვის ინსტიტუტი, აქედან გამომდინარე ის ვერ გადაარჩენს ბანკებს.“

ეკონომისტის შეფასებით, ლარში სესხების ზრდა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტები უკვე აღარ სესხულობენ, ანუ ნაკლებ სესხს იღებენ საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე უცხოურ ვალუტაში და ეს გაცემული სესხები ისევ კონვერტირდება უცხოურ ვალუტაში, ეს კი იწვევს ინფლაციას.

„ამას არ აღიარებს ცენტრალური ბანკი, მაგრამ დიდი ალბათობით, 2 წლის წინ გაზრდილი ინფლაცია სწორედ ამ მიზეზით იყო განპირობებული.“

ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც უცხოურ ვალუტაში ხდება სესხის გაცემა, რეალურად საზოგადოება ახერხებს უფრო მეტი რაოდენობის იმპორტის შემოტანას და უფრო მეტი იმპორტის მოხმარებას, ვიდრე ის ამას მოახერხებს, როცა სესხები ლარში გაიცემა. „როცა სესხები ლარში გაიცემა, უცხოური ვალუტის რეზერვი აღარ არის, ლარი უფასურდება რაც იწვევს ინფლაციას და შემდგომ ძვირდება იმპორტიც“-აღნიშნავს აკაკი ცომაია „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები