LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი”: პარლამენტის აპარატი განმარტავს, რატომ ჩაერიცხა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს ხელფასი

84
FORTUNA.GE-

“პარლამენტის წევრებს, რომელთაც ჩაერიცხათ ხელფასი, გაცნობებთ, რომ რადგან ისინი ფლობდნენ დეპუტატის მანდატს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც, მათი რეკვიზიტები უკვე დაფიქსირებული იყო შესაბამის სისტემაში და ხელფასის ჩარიცხვა მასზე დაყრდნობით, კანონის სრული დაცვით მოხდა.”- პარლამენტის აპარატი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვის ფაქტზე განმარტებას აკეთებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება სცნო, პარლამენტის აპარატმა დეპუტატებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა, რომლის თანახმადაც, პარლამენტის აპარატი, მათი კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვის განხორციელების მიზნით, ითხოვდა დეპუტატების საბანკო რეკვიზიტებს. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში კი, წერილში მითითებული იყო შესაბამისი საკონტაქტო პირიც.

როგორც საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, პარლამენტის წევრების მიერ საბანკო რეკვიზიტების არ წარმოდგენის შემთხვევაში, პარლამენტის აპარატი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, განეხორციელებინა ხელფასის ჩარიცხვის ტრანზაქცია.

“ინფორმაციისთვის, ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.” – წერია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს, რომლებმაც უარი თქვენ მანდატებზე და ბოიკოტი გამოუცხადეს მთავრობას, დღეს ხელფასი მაინც ჩაერიცხა.

ხელფასების ჩარიცხვა დაგვიდასტურეს “ნაციონალურ მოძრაობაში”. ამის შესახებ Facebook-ის საშუალებით ინფორმაცია გაავრცელა “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები