ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას 28 დეკემბრიდან დაიწყებს – 2020 წელს მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტების ახალი სერიის “საქართველოს მეფეების” ფარგლებში, მეფე ერეკლე II-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები გამოუშვა.
მონეტები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.
„საქართველოში ნუმიზმატიკის ისტორია თითქმის 26 საუკუნეს ითვლის. ქართული მონეტების ფორმა, სტილი, წარწერები და გამოსახულებები იცვლებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, რაც საშუალებას გვაძლევს, უწყვეტ დინამიკაში მივადევნოთ თვალი ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიას. საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს ნუმიზმატებს, და განსაკუთრებით ამ თემით დაინტერესებულ საზოგადოებას, კიდევ ერთი ახალი მონეტის გამოსვლას. დარწმუნებული ვარ, ეს მონეტები სხვა საკოლექციო მონეტების გვერდით მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
5 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ოქროს საკოლექციო მონეტებისათვის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და ავტორი ლევან კაკიაშვილია. მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა. ვერცხლის მონეტის ფასია 100 ლარი, ოქროს მონეტის კი – 1 690 ლარი და მათი შეძენა 2020 წლის 28 დეკემბრის 10:00 საათიდან მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის – https://moneymuseum.nbg.gov.ge საშუალებით იქნება შესაძლებელი.
მონეტების უფრო მეტი კოლექციონერის ხელმისაწვდომობისთვის, პროდუქცია 2020 წლის 28 დეკემბრიდან 5 დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება – ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მონეტის შეძენა შეეძლება.
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ერეკლე II-ის პორტრეტის გამოსახულება (პორტრეტის ორიგინალი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში). მონეტაზე ასევე დატანილია ერეკლეს ხელრთვა “ერეკლე”, მისი ხმალი (ორიგინალი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში) და მეფის დაბადებისა და გარდაცვალების წლები – “1720” და “1798”. მონეტის ქვედა, ცენტრალურ ნაწილში კი განთავსებულია ერეკლე II-ის სახელით თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა, რომელზეც გამოსახულია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი: გვირგვინი, სასწორი, სფერო, სკიპტრა და მახვილი. ვერცხლის მონეტის შემთხვევაში, აღნიშნული დეტალი მოოქროვილია.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ივერიული (ქართული) გვირგვინი. მონეტაზე დატანილია წარწერები: “საქართველო”, “5 ლარი”, “GEORGIA” და “2020”.