მეცნიერებს აღარ შეუძლიათ იმის თქმა, რომ დედამიწაზე კორონავირუსისგან თავისუფალი კონტინენტი არსებობს.
ეს სტატუსი დღეს ოფიციალურად დაკარგა სამხრეთ პოლარულმა კონტინენტმა – ყველაზე ცივ ანტარქტიდაზე კოვიდ-19 36 ადამიანს დაუდასტურდა.
მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ, რომ ვირუსს კონტინენტზე არ შეეღწია, თუმცა მისი შეკავება მაინც ვერ შეძლეს.
ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა ჩილეს სამეცნიერო სადგურზე,
დაინფიცირებულია სადგურის 26 თანამშრომელი და კონტრაქტორი კომპანიის 10 წარმომადგენელი.
როგორც ბაზაზე განმარტეს, დროული ტესტირების შედეგად, ინფიცირებულთა გამოვლენა და მათი იზოლაცია მოხდა.
პაციენტები ჩილეს ქალაქ პუნტა-არენასში გაიყვანეს, ისინი თავს კარგად გრძნობენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ანტარქტიდის თითქმის ყველა კვლევითი პროექტი შეჩერებეულია, თუმცა კონტინენტზე კვლავ რჩება დაახლოებით 1000 მკვლევარი.
ჩილეს ბაზა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, დიდი მანძილით არის დაშორებული ავსტრალიის სამი კვლევითი სადგურიდან, რომელიც ასევე კონტინენტზეა განთავსებული.