LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განქორწინების მსურველთა შორის ქალბატონები ჭარბობენ – რატომ გამოიწვია პანდემიამ ათასობით ოჯახის დანგრევა

241
დანგრეული ოჯახები

განქორწინების მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო იზრდება და  ურთიერთობების ექსპერტები შიშობენ, რომ პიკი ჯერ კიდევ არ დამდგარა. ამის შესახებ ,,ბიბისი” წერს.

7 წლიანი ქორწინების შემდეგ 29 წლის სოფი ტურნერმა და მისმა მეუღლემ გაყრა გადაწყვიტეს. კორონავირუსის კრიზისამდე მათ განშორება არასდროს უფიქრიათ, თუმცა პანდემიამ მყარი ურთიერთობის დანგრევა მარტივად შეძლო. „ძალიან დაძაბული ვიყავი და იმასაც ვხდებოდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, ამიტომ დროებით პაუზის აღება გადაწყვიტეთ, თუმცა მალევე მივხვდით რომ ეს დასასრული იყო.“

სოფის ოჯახის გამოცდილება ძალიან ბევრი წყვილისთვის ნაცნობი სიტუაციაა. განქორწინების მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა. როგორც ბრიტანული იურიდიული ფირმა Stewarts აცხადებს, განქორწინების თხოვნით მათ ივლისიდან ოქტომბრის თვეების პერიოდში 122%–ით მეტმა ადამიანმა მიმართა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. აშშ–ში კი იგივე პროფილის კომპანიამ მხოლოდ ერთ თვეში გაყრის მსურველთა 34%–იანი ზრდა დააფიქსირა. იგივე სიტუაციაა ჩინეთში, სადაც პანდემიის დაწყების შემდეგ უმკაცრესი ლოკდაუნი იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ მსგავსი პრობლემები შეექმნათ შვედ წყვილებსაც, სადაც შეზღუდვები არც ისე მკაცრი იყო და კარანტინს სავალდებულო ხასიათი არ ქონია.

ასე რომ პანდემიამ ურთიერთობებზე მკვეთრი ნეგატიური გავლენა იქონია. სწორედ ამიტომ ადვოკატები, ფსიქოლოგები, აკადემიკოსები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რატომ გამოიწვია Covid-19–მა ასეთი ბუმი და გაგრძელდება თუ არა სამწუხარო ტენდენცია 2021 წელსაც.

იურისტი კარლი კინჩი პანდემიას „წყვილების შტორმს“ უწოდებს და პრობლემას თვითიზოლაციით ხსნის. წყვილებს ძალიან დიდი დროის გატარება მოუხდათ ერთად და თუკი ადრე პრობლემებზე თვალს ხუჭავდნენ, ეს პრაქტიკა ამ შემთხვევაში უსარგებლო იყო. „არ მგონია, რომ წყვილების გაყრის მიზეზი რამე ახალია, უბრალოდ ერთ სივრცეში მოქცეულ ადამიანებს გასაქცევი არსად ქონდათ და პრობლემების პირისპირ აღმოჩნდნენ.“

აქამდე ოჯახი სრული შემადგენლბოით სადღესასწაულო პერიოდში თუ იკრიბებოდა და მაშინ ბუნებრივია, ნაკლები სტრესი ქონდა. ლოკდაუნმა კი ყველაფერი გაართულა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ განქორწინების მსურველთა შორის ქალბატონები ჭარბობენ და წინა წელთან შედარებით მაჩვენებლი 76%–ითაა გაზრდილი. ამ ტენდენციას ფსიქოლოგები მარტივად ხსნიან. საქმე ისაა, რომ საოჯახო საქმეების დიდი ნაწილი ქალის მხრებზე გადადის და სიტუაცია დიდად არც პანდემიის დროს შეცვლილა. ქალბატონებს ბავშვების, ოჯახის საქმეების და თან დისტანციური მუშაობის ერთმანეთთან შეთავსება მოუხდათ. ამას დაემატა მათი პარტნიორი, რომელიც ასევე სახლიდან მუშაობდა და ოჯახურ რუტინაში მონაწილეობას ნაკლებად იღებდა.

„ალბათ ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ლოკდაუნი ძალიან კარგი გამოცდილება იქნებოდა. ოჯახი ერთად შეიკრიბებოდა და სახლში სასიამოვნო დროს გაატარებდა. აქამდე ხომ ყველა მუშაობდა და ერთმანეთისთვის დრო თითქმის არ ქონდათ. თუმცა, სამწუხაროდ, რეალობა ნაკლებად საყვარელი იყო.“

ტურნერმა ისიც აღნიშნა, რომ როგორც წესი, დაშორების გადაწყვეტილება ორმხრივია და წყვილები მეგობრებად რჩებიან.

ფსიქოლოგებმა კი დაადგინეს, რომ პრობლემები ყველაზე მყარი ურთიერთობების მქონე წყვილებსაც გაუჩნდათ. მიზეზი კი ისაა, რომ პანდემიამ გააქრო ის რუტინა, რომელიც კომფორტის, სტაბილურობის და რიტმულობის გარანტი იყო. პარტნიორები დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ და ამ წნეხს ყველამ ვერ გაუძლო.

ასე მოუვიდა ნორას, სტკჰოლმში მცხოვრებ ამერიკელს, რომელიც თავის შეყვარებულს პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე თვეში დაშორდა. არადა მათ ერთად ცხოვრების ძალიან ბედნიერი ერთწლიანი გამოცდილება ქონდათ. წყვილს დაინფიცირების ეშინოდა, ამიტომ პანდემიის დაწყებისთანავე ორივე დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. „ჩვენი სოციალური ცხოვრება დავტოვეთ, აღარ ვაკეთებდით არაფერს რაც სიამოვნებას გვანიჭებდა. მან კალათბურთი მიატოვა, მე ლაშქრობები.“

„რაც უფრო მეტ დროს ვატარებდით ერთად, ვხვდებოდით თუ რა განსხვავებულები ვიყავით ერთმანეთისგან, მას ადამიანები აკლდა, მე კი პირადი სივრცე.“

სპეციალისტთა აზრით, პანდემია ახალაგზრდა წყვილების მთავარ გამოცდად იქცა. მათ თავისი ურთიერთობის დატესტვა ვერ მოასწრეს და პირდაპირ ყველაზე სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

გაყრების მაჩვენებელზე სერიოზული გავლენა იქონია ფინანსურმა საკითხმაც. უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი სტრესის გადატანა მოუხდათ. ზოგადად ფული ცოლ–ქმრულ ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. განსაკუთრებით კი მამაკაცების შემთხვევაში, რადგან მათთვის ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა თავმოყვარეობასთანაა დაკავშირებული. ფულის არ ქონა კი შფოთს, ბრაზს, იმედგაცრუებას და აგრესიას იწვევს.

2021 წელს ბევრი ჩვენგანი დიდი იმედით უყურებს და სჯერა რომ პანდემიამდე რეალობის დაბრუნებას შეძლებს. თუმცა, ურთიერთობების ექსპერტთა აზრით, ახალი წელი განქორწინებების ბუმს ვერ დაასრულებს და პიკის დადგომამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები