LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოში მომხდარი ინციდენტის დროს ერთი პირი დააკავეს

100

“საკრებულოში დაპირისპირების დროს ერთი პირი დააკავეს”, -ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა.

“დაიჭირეს თამაზ მამედოვი, ჩვეულებრივი მსურველი იყო, რომ დასწრებოდა საკრებულოს სხდომას. ხელების გადაგრეხვით, არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა ისე წაიყვანეს. ასევე, დაიჭირეს მუხიანში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ჟამუტაშვილი, რომელიც ადვოკატია პროფესიით და შემდეგომ განუმარტა, რომ არ ჰქონდათ დაკავების უფლება და ისევ გამოუშვეს, მაგრამ თამაზ მამედოვი ამ წუთებშიც დაკავებულია”,-განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

საკრებულოში დაკავების ფაქტი “ფორტუნას” შსს-მაც დაუდასტურა.

“ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ორი მუხლით,  166-ე მუხლით, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულიხსმობს და 173ე, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით”,-აცხადებენ შსს-ის პრესსამსახურში.

25 მომხრე და 3 წინააღმდეგი – თბილისის საკრებულომ სადავო საკითხი დაამტკიცა. პუშკინის სკვერთან,  მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეეცვალა.

კენჭისყრას წინ უძღოდა ხმაური და დაპირისპირება. საკრებულოს დაცვამ მერობის კანდიდატები, ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი, დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. სხდომათა დარბაზთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.

ოპოზიცია საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდა. მათი განმარტებით, აღნიშნული მიწის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის გადაცემა იგეგმება.