შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე ღამის კლუბი, რომელიც კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ წესებს არღვევდა დახურა.
ხმის ჩამწერი სტუდიის სახელით შენიღბული კლუბი ნოემბერში ორჯერ 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს, თუმცა კომპანია, ჯარიმისგან თავის ასარიდებლად, სახელს იცვლიდა და საქმიანობას აგრძელებდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს. განმეორებითი სამართალდარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.