მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი დაზარალებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე პოზიციის დაზუსტების შემდეგ გადაწყდება.
ამის შესახებ განცხადება “ცენტრ პოინტის” საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ, გუკა რჩეულიშვილის განცხადების კომენტარისას გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ “ცენტრ-პოინტი” გაიყიდა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარე “ცენტრ პოინტ ჯგუფსა” და კონკრეტულ ინვესტორს შორის მოლაპარაკების პროცესში არ ერევა და შესაბამისად არ აქვს რაიმე ინფორმაცია, კომპანიის გაყიდვის შესახებ.
“გურამ რჩეულიშვილი აცხადებს, რომ მას მიღწეული აქვს შეთანხმება კონკრეტულ ინვესტორთან. ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, დააზუსტებს დაზარალებულებთან, თუ რა პოზიცია გააჩნიათ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გადაწყდება ბრალდებულების, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის, მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი. ბრალდების მხარის მიერ წაყენებულია პირობა, რომ ყველა დაზარალებულის ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს და არ უნდა გააჩნდეთ მათ პრეტენზია “ცენტრ პოინტ ჯგუფის” ხელმძღვანელი პირების მიმართ,” – განაცხადა დავით გუმბერიძემ.