პირველადი დათვალიერების შედეგებმა აჩვენა, რომ დღეს თბილისიდან ყარსში მატარებლით ჩასვლა შესაძლებელია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელმაც დღეს თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელ ჯავიდ ყურბანოვთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით, თბილისიდან კარწახამდე მატარებლით იმგზავრა.
“კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი ინფრასტრუქტურის კუთხით, ბოლო მონაკვეთზე დასასრულებელია ელექტროფიცირების ნაწილი, თუმცა რკინიგზის საშუალებით დღეს თბილისიდან ყარსში ჩახვალ, რაც უკვე მისასალმებელია. ეს არის ტესტირების ეტაპი და კიდევ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ დროულად დასრულდეს ეს სარკინიგზო ხაზი, ამის დასადგენად დაახლოებით, 10 დღე დაგვჭირდება”, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტით ერთმანეთს დაუკავშირდება დიდი რეგიონები. ,,აღნიშნული სარკინიგზო ხაზი ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. პრინციპულად ხარისხობრივად იცვლება ლოგისტიკა რეგიონში, ასევე კორდორების სისტემა რეგიონში და ის დიდი ვაჭრობა, რომელიცაა ყაზახეთსა და თურქეთს შორის, ჩინეთსა და თურქეთს შორის, ამ სარკინიგზო ხაზით მისი ნაწილობრივი მომსახურება უკვე შესაძლებელია. დღეს იყო საუბარი იმაზე, რომ უკვე დროა დავიწყოთ ფიქრი მეორე ხაზზე, რადგან გადაზიდვების პერსპექტიული მოცულობები არის საკმაოდ დიდი”, – განაცხადა გახარიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხვალიდან მოადგილეების დონაზე დაიწყება მუშაობა რამდენიმე საკითხზე, ერთ-ერთი იქნება დასასრულებელი სამუშაოების ნუსხის იდენტიფიცირება დროსა და მოცულობაში, რის შემდეგაც განისაზღვრება, თუ როდის იქნება შესაძლებელი აღნიშნულ გზაზე პირველი სატესტო სატვირთო მატარებლის გავლა.