საქართველომ გარკვეული თანხა გადაიხადა იმისათვის, რომ ქვეყანაში ვაქცინა დროულად შემოვიდეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
”შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და შესყიდვაზე იზრუნებს. საქართველო გახლავთ კოლაქს-პლატფორმის წევრი ქვეყანა, ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროულად შემოტანა, ასევე ის ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად”, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტში ბიუჯეტის განხილვაში ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობა:
“ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია, რომლის განხილვაც პარლამენტში უნდა დაიწყოს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა”, – განაცხადა გახარიამ.
მან ასევე პენსიის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პენსიის ზრდა საკანონმდებლო დონეზე მყარდება. ამიტომ, პენსიონერებს არჩევნებიდან არჩევნებადე ლოდინი აღარ მოუწევთ.
“მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც საკანონმდებლოდ არის გამყარებული და შესაბამისად ჩვენს პენსიონერებს არჩევნებიდან არჩევნებადე ლოდინი პენსიის ზრდისთვის აღარ მოუწევთ. ასევე, განსაზღვრულია საკმაოდ სერიოზული თანხები დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობისთვის, ეს გახლავთ 103 მილიონი ლარი”.