LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის თებერვლიდან დღემდე, 250 სილამაზისა და ტატუს სალონი შემოწმდა

107

თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის მიერ, 2017 წლის თებერვლიდან დღემდე, 250 სილამაზის და ტატუს სალონია შემოწმებული, აქედან 2 მათგანი დაჯარიმდა.

მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის, ცისნამ დელებაშვილის განცხადებით, სალონების შემოწმება დღესაც გრძელდება და წლის ბოლომდე 90-მდე სალონი შემოწმდება.

„დღესაც გრძელდება სალონების შემოწმება. 2017 წლის თებერვლიდან დღემდე, საჯარიმო უფლებით, 250 სილამაზის და ტატუს სალონია შემოწმებული, აქედან 2 მათგანი დაჯარიმდა სასამართლო პროცესზე. ერთზე გამოტანილია დარღვევა და 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო მეორე სალონი დაიკეტა და მის მესაკუთრესთან სასამართლო დაკავშირებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. ორივე ჯარიმა სალონის დაურეგისტრირებლობას ეხებოდა. განვმარტავ, რომ 2017 წლამდე, სალონების დაჯარიმების უფლება არ გვქონდა, მათთან მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ვაწარმოებდით. ახლა, წლის დასაწყისიდან ვაჯარიმებთ კიდეც. დაჯარიმების უფლება ორ შემთხვევაში გვაქვს, პირველი – როდესაც სალონი საზოგადოებრივ ობიექტად დარეგისტრირების გარეშე ფუნქციონირებს და მეორე – ინფექციის კონტროლის დროს, თუ ნორმები დარღვეულია.  თუ რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებს სალონი, მას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ეწერება ჯარიმა, მეორედ შემოწმების შემთხვევაში, თუ პრობლემა გამოსწორებული არ არის, მისი ჯარიმის ოდენობა ორმაგდება. რაც შეეხება ინფექციის კონტროლს, პირველ შემთხვევაში სალონი იღებს გაფრთხილებას, თუნდაც ჰქონდეს დარღვევა, ამას კანონი და პროტოკოლი ადგენს, შემდეგ ეწერება ჯარიმა, თუ პრობლემა არ სწორდება“, – აცხადებს დელებაშვილი.

მისივე ინფორმაციით, სალონების 10% პირველი შემოწმებისას, სანიტარული მდგომარეობის თვალსაზრისით, სტანდარტს არ შეესაბამებოდა.

„მათ არც ადგილმდებარეობა ჰქონდათ სათანადო, არც ჰიგიენური ნორმები იყო დაცული, არ ირეცხებოდა სავარცხლები, არ ტარდებოდა დაბალი დონის დეზინფექციაც კი, რომელიც სოკოს და სებორიას კლავს. რაც შეეხება პედიკურ-მანიკურს, თითქმის ყველა სალონში იყო დარღვევა. ჰქონდათ სტერილიზატორები და აპარატები, რომელიც სტერილიზაციას არ აკეთებდა. ეს იყო 2015 -2016 წელს. ახლა, როდესაც დაჯარიმების ფუნქციაც გვაქვს და განმეორებით ვამოწმებთ სალონებს, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. პროტოკოლის შესაბამისად, ვასწავლეთ იმ ხსნარების გამოყენებას, რომელიც სასტერილიზაციო საშუალებას წარმოადგენს. ინფექციის კონტროლისას არც ერთი სალონი არ დაჯარიმებულა, რადგან პირველივე შესვლაზე ჯარიმის დაწერის უფლება არ გვაქვს. ეს რომ ხდებოდეს 10-დან 9 შემთხვევაში, ჯარიმა დაიწერებოდა. გონივრული ვადები აქვთ მიცემული, რაც ერთი კვირიდან სამ კვირამდე ვადას გულისხმობს. ამ პერიოდში მათ დარღვევა უნდა გამოასწორონ“, – აცხადებს დელებაშვილი.

მისივე განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, თბილისში 1200 რეგისტრირებული სალონია, თუმცა, გაცილებით მეტია არარეგისტრირებული დაწესებულებების ოდენობა, რომელთა აღმოჩენის და შემოწმების ვალდებულება თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრს აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები