ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მთავრობა ბიზნესიდან სიებს ელოდება დასაქმებული პირების, იმისთვის რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს. ცქიტიშვილის განმარტებით, ანალოგიურ სიებს ელიან თვითდასაქმებულებისგანაც. როგორც ვიცე-პრემიერი განმარტავს, თვითდასაქმებულ პირებს, რომლებსაც აქვთ საბანკო ვალდებულებები, სესხის რესტრუქტურიზაციის ნაწილშიც დაეხმარებიან.
„დეკემბრის და იანვრის შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც არის სავაჭრო ქსელისთვის და სარესტორნო ბიზნესისთვის დაწესებული, ჩვენ შევთავაზეთ ყველა დასაქმებულ პირს, მათ შორის , თვითდასაქმებულ პირს 300-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა უშუალოდ სავაჭრო ობიექტებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის . ჩვენ ველოდებით დასაქმებული პირების და მათ შორის თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან, იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს, რაც შეიძლება სწრაფად და დეკემბრის განმავლობაში განხორციელდეს“, – ამბობს ვიცე-პრემიერი.
მისივე განმარტებით, ისევე როგორც შეზღუდვების პირველი ტალღის დროს, ახლაც იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამსახურს დაკარგავენ, მთავრობა სთავაზობს ამ პერიოდის განმავლობაში 1200-ლარიან კომპენსაციას, რომელიც იქნება გაცემული თვეში 200 ლარის ოდენობით, 6 თვის განმავლობაში. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მათთვის 300-ლარიანი დახმარების პროგრამა აღდგება.
შეგახსენებთ, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები მოქმედებს 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით.