საქრთველოს საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომლებიც საბერძნეთის გავლით ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილით ბრუნდებიან.
როგორც უწყების გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საბერძნეთის კანონმდებლობით, საექსპორტო დეკლარაციის გარეშე ქვეყნის ტერიტორიიდან ავტომობილის გაყვანისთვის დაწესებულია 500 ევროს ოდენობით ჯარიმა. იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა აირიდონ ჯარიმა, საჭიროა საექსპორტო დეკლარაცია, რომლის მიღება ხორციელდება ავტომობილის შეძენის ქვეყანაში.
”გასული თვეების განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ევროპის ქვეყნებში ავტომობილის შეძენისას, მისი ევროკავშირის ტერიტორიიდან გაყვანისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები არ ითხოვენ ე.წ. საექსპორტო დეკლარაციას, რის გამოც საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე უხდებათ ჯარიმის გადახდა.
“ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემა წარმოიქმნება რადგან საქართველოს მოქალაქეები არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპის ქვეყანაში შეძენილი ავტომობილით საქართველოში დაბრუნებისას, საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში, სავალდებულოა მოქალაქეს ჰქონდეს ავტომობილის საექსპორტო დეკლარაცია, რათა შეუფერხებლად გადაკვეთოს საზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ავტომობილით საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მიეცემათ.
“საბერძნეთის კანონმდებლობით, საექსპორტო დეკლარაციის გარეშე ქვეყნის ტერიტორიიდან ავტომობილის გაყვანისთვის დაწესებულია 500 ევროს ოდენობით ჯარიმა. შესაბამისად,საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ევროპაში შეიძინეს ავტომობილი და არ ფლობენ საექსპორტო დეკლარაციას, საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე („კიპის“ სასაზღვრო-გამტარი პუნქტი), საბერძნეთის საბაჟო სამსახურის მიერ ეკისრებათ აღნიშნული თანხის გადახდა.
“აღსანიშნავია, რომ საექსპორტო დეკლარაციის მიღება ხორციელდება ავტომობილის შეძენის ქვეყანაში. საბერძნეთის საბაჟო სამსახურების მიერ, ადგილზე საექსპორტო დეკლარაციისგაფორმება არ ხორციელდება.
“აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია განთავსებულია ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვებ-გვერდზე: http://thessaloniki.con.mfa.gov.ge,” – ნათქვამია განცხადებაში.