LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ალკოჰოლი, ნიკოტინი, მარიხუანა, აუარესებენ თავის ტკივილს” – ნევროლოგი სოსო ბურდულაძე

596
page

თავის ტკივილის გამომწვევ მიზეზებსა და განმასხვავებელ ნიშნებზე სპეციალურად „მედ სითი“-თვის საუბრობს გამოცდილი ნევროლოგი ბატონო სოსო ბურდულაძე.

მოგესალმებით ბატონო სოსო, პირველ რიგში გვაინტერესებს რა არის ყველაზე გავრცელებული მიზეზი თავის ტკივილისა და დაახლოებით რამდენი პაციენტი მოგმართავთ მსგავს ჩივილზე?

გამარჯობა მეგობრებო! გავიმეორებ იმას, რაც ტელეეთერში ვთქვი ამასწინათ: თუ თავი გვტკივა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც რაიმე სერიოზული გვჭირს. მაგალითად, საძიებო პორტალში თუ ჩაწერთ „თავის ტკივილს“, პირველს, რასაც ინტერნეტი „ამოგიგდებთ“, ესაა ანევრიზმა, სიმსივნე, კისტა და სხვა „გულის გასახეთქი“ დიაგნოზები.
გაგახარებთ და გეტყვით, რომ არც ასე ცუდადა საქმე.
თავის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, გადაძაბვა, ნერვიულობა, არასწორი რეჟიმი,  ძილის დარღვევა.
ასეთ თავის ტკივილს ჰქვია დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი (დაძაბვითი ცეფალგია). მექანიზმი მარტივია: ყოველივე ამის ფონზე ხდება თავის ქალას კუნთების დაჭიმულობა. ასეთი ჩივილებით, მოგვმართავს დაახლოებით 25-30% ჩვენი ამბულატორიული პაციენტებისა.

რა არის შაკიკის ზუსტი სიმპტომები და როგორ უნდა მივხდეთ უბრალოდ თავი გვტკივა თუ შაკიკია?

შაკიკი, ანუ ე.წ. სისხლძარღვოვანი ტკივილი, შედეგია თავის ტვინის სისხლძარღვებისა და რეცეპტორების დონეზე მიმდინარე ძვრებისა, ანუ როგორც ხედავთ ცნობილია შაკიკის მექანიზმი, ხოლო მიზეზი უამრავია, დაწყებული ფსიქო – სოციალურიდან, დამთავრებული ორგანულამდე. შაკიკს ხშირად ქალების დავადებასაც უწოდებენ, რადგან მამაკაცებში, ძალზედ იშვიათად გვხვდება.

როგორც მიზეზები, ასევე სიმპტომები შაკიკისა, მეტად მრავალფეროვანია.
კლასიკური ფორმის (ტკივილი ცალ მხარეს, ღებინება, შუქის აუტანლობა) გარდა, გვხვდება შაკიკის შეტევის სხვადასხვა, განსხვავებული ვარიანტები, დაწყებული

ყნოსვითი, მხედველობითი , ვესტიბულური დარღვევებიდან,  მეტყველებითი, მოძრაობითი,  მგრძნობელობითი დარღვევებით დამთავრებული.
რა თქმა უნდა, ზემოთაღნიშნული სიმპტომები შექცევადია, ანუ ატარებენ გარდამავალ, დროებით ხასიათს.

დღევანდელ რეალობაში, ძალზედ ხშირად გვხვდება ე.წ. შერეული თავის ტკივილი (დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი+შაკიკი).
გარდა ამისა, არსებობს აგრეთვე ქრონიკული მიმდინარეობის თავის ტკივილი (ყოველდღიური თავის ტკივილი). რაც შეეხება განსხვავებას, საქმე არც ისე მარტივადაა, მითუმეტეს შერეული თავის ტკივილების დროს. ამიტომ, ეს საქმე უნდა მივანდოთ სპეციალისტს და არ მივმართოთ თვითმკურნალობას.

რა შემთხვევაშია სასურველი თავის ტკივილის დროს ჩატარდეს მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია?

არსებობს სპეციალური კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაშია საჭირო თავის ტვინის მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება, თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებით, აღნიშნული უნდა ჩატარდეს ნებისმიერი ტიპის თავის ტკივილისას, რომ რაიმე არ „გამოგვეპაროს“. გასათვალისწინებელია „ეჭვი“ – პაციენტს ყოველთვის ექნება შიში, რომ რამე ხომ არ სჭირს, ვიდრე გამოკვლევას გაუკეთებდნენ. ამიტომ, რაც მალე განვუქარწყლავთ ამ ეჭვს, მით უკეთესი იქნება და მით უფრო ეფექტური იქნება ჩვენს მიერ დანიშნული მკურნალობა!

იქნებ გვითხრათ რა არის ის მთავარი ნიშნები, რომლითაც შევძლებთ განვასხვაოთ უბრალო ტკივილია, თუ თავის ტვინში სერიოზული პათოლოგიის დასაწყისი? მაგ: როგორიცაა სიმსივნე, ანევრიზმა, ინსულტი.

ყველაზე მთავარი ნიშნები სერიოზული პათოლოგიებისა არის: ძლიერი, მწვავე თავის ტკივილი,  ცნობიერების დათრგუნვა, გულყრა, ღებინება, მეტყველების დარღვევა, სისუსტე კიდურებში (ცალ მხარეს).

ამ შემთხვევაში უნდა ავტეხოთ განგაში და გამოვიძახოთ სასწრაფო ან მივმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას (კლინიკა სტაციონარით). სხვა შემთხვევეში, შესაძლოა შემოვიფარგლოთ ამბულატორიული კონსულტაციით

სიმსივნის, ანევრიზმის და მსგავსი მძიმე დაავადებების აღმოსაჩენად, ხომ არ გვირჩევდით პერიოდულად რაიმე კვლევას , სადაც ეს ყველაფერი საწყის სტადიაზე ჩანს?

თუ ადამიანს არ აქვს ჩივილები, ასეთი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა ნამდვილად არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს დავუშალოთ პროფილაქტიკური გამოკვლევა, სურვილის შემთხვევაში. საწყის სტადიაზე თითქმის ნებისმიერი მსგავსი პროცესის აღმოსაჩენად, საკმარისია თავის ტვინის მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია ანგიორეჟიმით.

და ბოლოს რას ურჩევდით, ჩვენი ჯგუფის წევრებს , რომლთა კითხვებიდანაც ჩანს, რომ გახშირებული თავის ტკივილები აქვთ , სტრესული ცხოვრებიდან გამომდინარე და როგორია ამ დროს მართვა თავის ტკივილისა?

პირველ რიგში, მადლობა ჯგუფის შემქმნელებს და თანამშრომლებს, რომლებიც, როგორც ვხედავ, ლამის 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და მგონი უკვე „უსკდებათ თავი“ ამდენი ინფორმაციისა და კომუნიკაციების მართვისაგან.

ასევე მადლობა ყველა წევრს, იმ თბილი სიტყვებისა და მადლობებისთვის, რასაც „იმეტებენ“ ამ რთულ, „კოვიდპერიოდში“, როგორც ჯგუფის მესვეურების, ასევე კონსულტანტი ექიმებისა და ერთმანეთის მიმართ.

რაც შეეხება სტრესის ფონზე მიმდინარე თავის ტკივილების (დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი, ყოველდღიური თავის ტკივილი, შაკიკის გამწვავება) მართვას, ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გირჩიოთ, ის რასაც ვურჩევთ ყველას, დღევანდელ ვითარებაში:
ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ალკოჰოლი, ნიკოტინი, მარიხუანა, აუარესებენ თავის ტკივილს. მაქსიმალურად ავირიდოთ ნერვიულობის გამომწვევი მიზეზები (პირადი, ინტიმური, სოციალური და სხვა).

სასურველია ხშირი ფიზიკური აქტივობა, რელაქსაციური ვარჯიშები

აუცილებელია დროული ძილი (ბიოლოგიურ საათებში, 23სთ-დან, 08 სთ-მდე).

მკურნალობა, – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და არა google -ით !

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები