რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში “ლანჩხუთი” რუმინეთის ჩემპიონ “კლუჟს” დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას ერთადერთი გოლით დაამარცხა უპირობო ფავორიტი.
ამრიგად, “ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის “ნოკაუტის” ეტაპზე გავიდა. ქართველი გოგონების მეტოქე 24 ნოემბერს გახდება ცნობილი. პირველი შეხვედრები 8-9 დეკემბერს გაიმართება, საპასუხო მატჩები კი 15-16 დეკემბერს.
წარმატების აღნიშვნისას კი “ლანჩხუთის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ დანაპირები შეასრულა და იცეკვა. ცეკვის დაწყებამდე კი მან მიღწევაზე ისაუბრა და დიდი მადლობა გადაუხადა გოგონებს და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება მთელ საქართველოს ეძღვნება. გარდა ამისა, გიორგი ჩხაიძემ პირველი მეტოქის დამარცხების შემდეგ იმღერა, ახლა კი მეორე პირობის შესრულება მოუხდა და მან აჭარული ცეკვა შეასრულა.
“აქ ისეთი გუნდია, ისეთი ყაჩაღები და ისეთი მგლების ხროვაა, რომ არავინ არაფერს გაპატიებს. ასე რომ, მზად ვარ, რომ ვიცეკვო. სიტყვა სიტყვაა”, – აღნიშნა მწვრთნელმა და აჭარულის მუსიკაც ჩაირთო…
“მეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს!” – კახა კალაძე “ლანჩხუთის” გამარჯვებას ეხმაურება