LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ექიმი ვამბობ, რომ „ლოკდაუნი“ აუცილებელია, მაგრამ „გავქაჩავთ“? – კულუმბეგოვი პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე “ფორტუნასთან” საუბრობს

929
ბიზ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთად განიხილა. შეხვედრაზე იმყოფებოდა იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

როგორც „ფორტუნას“ კულუმბეგოვმა განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო ჯანდაცვის სისტემაში შექმნილ სიტუაციაზე.

მისივე თქმით, საუბრის ერთ-ერთ მთავარი თემა იყო პაციენტების საავადმყოფოებში სწორი გადანაწილება.

პრემიერთან შეხვედრაზე რაზე შეთანხმდით?

პრემიერი ყველა ჩვენგანის მოსაზრებას დიდი გულისყურით ისმენდა. რაღაც საკითხებზე მე მქონდა სხვა მოსაზრება, რაღაცებზე ჩემს კოლეგებს ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრება. რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა, გარდა იმისა, რომ დიდი რაოდენობის შემთხვევები გვაქვს,  არის რომ ქვეყანაში პაციენტების 37% წევს საავადმყოფოში. აქტიურად იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ სიტუაცია გავაუმჯობესოთ, რომ პაციენტების ამხელა ნაკადი საავადმყოფოებში არ იყოს და როგორ მოვახერხოთ, რომ ადგილი მათ დაეთმოთ, ვისაც ჟანგბადი დასჭირდება.

ასევე განხილვის მთავარი თემა იყო მობილობის დაგდება. რამედენიმე დღეში გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებენ. რაღაც ობიექტები შეიძლება დაიკეტოს, მანამდე სახელმწიფომ უნდა დაითვალოს კომპენსაციის პაკეტი. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მაგრამ რაღაც ობიექტების მუშაობა დროებით აუცილებლად შეიზღუდება.

როგორ გადაწყდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტისა ან ზოგადად ტრანსპორტის მუშაობა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო.

 

შეხვედრაზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. გუშინ შეიძლება ითქვას,  გაგაკრიტიკათ, როდესაც თქვენი სტატუსის კომენტირებისას აღნიშნა, რომ 20 ათასი გარდაცვლილი ქვეყანას არ ეყოლება. დღევანდელ შეხვედრაზე იყო ამ საკითხზე  საუბარი?

20 000 გარდაცვლილს ჩვენ არ მივიღებთ, გამოცხადდება თუ არა ”ლოკდაუნი” – ტიკარაძე კულუმბეგოვს პასუხობს

ჟურნალისტის მხრიდან არაპროფესიონალურად იყო კითხვა დასმული. ჩემს სტატუსსში ფრაზა- “20 ათასი ადამიანი გარდაიცვლება”, გულისხმობდა თუ აქ იქნება „ჯოგური იმუნიტეტი“ შემდგომ ერთ წელიწადში. ყველა თუ ავად გავხდით, ეს, რასაკვირველია, მოხდება.

ტიკარაძემ თქვა, რომ ჩვენი კონტროლით არ გვგონია, რომ გარდაცვალების ეს ციფრი მივიღოთო.  რასაკვირველია, მე ვსაუბრობდი, თუ ჩვენ არ დავიცავთ ქვეყანას და შეზღუდვებს არ შემოვიღებთ.

იმდენი ვიძახეთ ჩვენ ვმართავთ კოვიდს ყველაზე საუკეთესოდო…შედეგად 15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ: ბიძინა კულუმბეგოვი

არ ვსაუბრობდი, რომ ხვალ და ზეგ დაიღუპება 20 ათასი. მას კონტექსტის გარეშე უთხრეს, ბიძინა კულუმბეგოვმა თქვა, რომ ამდენი ადამიანი გარდაიცვლებაო. ამიტომ, ეკატერინე ტიკარაძის ნათქვამი არ მიმიღია კრიტიკად. მასთან ადამიანური და კოლეგიალური დამოკიდებულება მაქვს.

შეხვედრაზე იყო საუბარი საველე ჰოსპიტალების შექმნაზე?

ქვეყანას იმდენი ჰოსპიტალი აქვს, ამ წუთში საველე ჰოსპიტალებზე საუბარი არ დგას. საუბარი იყო იმაზე, რომ ადამიანების მობილობა შევამციროთ. ეპიდემიოლოგების მხრიდან იყო საუბარი, რომ ის რაც ჩვენთან ბოლო კვირები ხდება, დიდი მოლოდინია, რომ შემთხვევები გაგვეზარდოს. ახლოს ვართ პიკთან. ჯერჯერობით დრამატულად ციფრების მომატებას არ ველოდებით.

შეხვედრას დისტანციურად ესწრებოდნენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმებიც. რა იყო მათი რეკომანდაცია?  ცნობილია, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში „ლოკდაუნი“ გამოცხადდა. ამ ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ექიმების რეკომენდაცია რა იყო?

მათი რეკომენდაციები ზოგად პათოსს იმეორებდა. ევროპული ქვეყნების ადეკვატური შეზღუდვები ვერ გვექნება.  ბევრი რამ უნდა დაბალანსდეს. ადამიანმა მაღაზია რომ დაკეტოს, სახელმწიფომ მას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. კი ვამბობ, როგორც ექიმი, რომ „ლოკდაუნი“ აუცილებელია, მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანას შეუძლია? “გაქაჩავს?”- ჟარგონი რომ ვთქვა.

ავსტრიის და დანიის მაგალითი ჩვენ არ გვადგება. ჩვენი უცხოელი კოლეგების რეკომენდაციებიც ასეთი იყო, რომ აუცილებელია, გეგმაზომიერი შეზღუდვები და სამედიცინო სისტემის გამართულობა.

 

 

ცნობისთვის, დღეს გამართულ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე,  ექიმი-ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი, ექიმები – გიორგი გოცაძე და ზურაბ გურული.

შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შვეიცარიიდან შეუერთდა გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, ასევე – ესტონეთში მოღვაწე ექსპერტი ზაზა წერეთელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები