LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბახუტაშვილი: „ბეამ ჩვენი ცხოვრება ამოაყირავა…“

522

გიორგი ბახუტაშვილი და თაკო შოშიაშვილი ქალიშვილს, ბეას ზრდიან. წყვილი სასტუმრო „ამბასადორში“ გვეწვია, სადაც მათთან ინტერვიუ ჩავწერეთ. რაც შეეხება ფოტოსესიას, ბეას, რომელიც ძალიან ცელქი გოგონაა, მისი დედ-მამა და ფოტოგრაფი ერთად დასდევდნენ და გარკვეული კადრების გადაღება მოხერხდა. ბოლოს გოგონა თამაშებით გაერთო, გიორგისა და თაკოსთან კი მათ ცხოვრებაზე ვისაუბრეთ.

ძალიან აქტიური ქალიშვილი გყავთ, ვის ჰგავს?

გიორგი:

ვის ჰგავს, არ ვიცი. ჩემი მეგობრები და ის ადამიანები, ვინც ბავშვობაში მიცნობდნენ, ფიქრობენ, რომ მე მგავს, თაკოს ახლობლები კი მას ამსგავსებენ. მგონია, რომ ორივეს ნაზავია გარეგნულადაც და ხასიათითაც.

თაკო:

მე ვფიქრობ, რომ გიორგის მამიდაშვილს ჰგავს ძალიან.

არ გიჭირთ გამკლავება მასთან?

გვეხმარება ძიძა. თან, ამ ეტაპზე დედაჩემთან ვართ და ყველა გვეხმარება.

ბეასთვის თბილისში გასართობ ადგილებს ადვილად პოულობთ?

გიორგი:

არის, როგორ არა, ზრდასრული ადამიანების გასართობებით დიდად ვერ დავიკვეხნით, ბავშვებისთვის მეტ-ნაკლებად არის ადგილები, სადაც გართობა შეუძლიათ. არის პერიოდები, როცა სულ დაკავებული ვარ და მთელი ყურადღება საქმისკენ მაქვს, მაგრამ მერე დგება დრო, როცა ოჯახთან მიწევს საკმაო დროის გატარება. მაგალითად, ზაფხულში.

თაკო:

ბახმაროში სამი კვირით გახლდით დასასვენებლად. როგორც გავიგე, ბავშვებისთვის საუკეთესო კურორტია და ამიტომაც გადავწყვიტეთ იქ გამგზავრება. ჩვენც გვინდოდა პასიური დასვენება გადატვირთული პერიოდის შემდეგ.

გიორგი, რომ მორჩა ასეთი დატვირთვა „ცეკვების“ შემდეგ, როგორ უყურებ განვლილ პერიოდს?

ძალიან დატვირთული წელი იყო, ბევრი ახალი შეგრძნებით, ამიტომაც მიმაჩნია, რომ უამრავი წინ გადადგმული ნაბიჯი მქონდა. ეს წელი ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ შემიძლია, უკვე ნაყოფიერად მივიჩნიო. პროექტის პერიოდში დიდი დინამიკა იყო, მთელი წელი სულ დაძაბულობაში ვიყავი, ეს მოჭიმული მდგომარეობა „ცეკვებმა“ დააგვირგვინა და მისი დასრულების შემდეგ ეგრევე გავითიშე. 22 დღე ვიყავით ბახმაროში, სადაც არაფერი ხდება და იქ თაკოსთან და ბავშვთან ერთად „გავითიშე“ (იღიმის).

რაიმე ახალი არის პროფესიაში?

მუსიკომედიის თეატრი ხსნის სეზონს, ასევე „იმედში“ „მეგობრების“ რეპეტიციები და ჩაწერები დაიწყო, თუმცა ისეთი დაკავებული აღარ ვარ, როგორც ადრე.

თაკო, „ცეკვების“ დროს ალბათ, გიორგი ნაკლებად იცლიდა თქვენთვის…

მარტო არ ვყოფილვარ, ბევრი დამხმარე მყავდა. ზოგადად, გიორგი რასაც ხელს მოჰკიდებს, ბოლომდე იხარჯება. არის პერიოდები, როცა ნაკლებად დაკავებულია, აქვს ხოლმე დატვირთული გრაფიკიც და ვიცი, რომ ეს ასე უნდა იყოს.

გიორგი:

თაკო თავადაც დატვირთულია და აქტიური, ასე რომ, ერთმანეთს ვუგებთ.

თაკო, გიორგის შენიშვნებს აძლევ?

ჯერ ვაცდი ხოლმე, თვითონ ხვდება ხოლმე საკუთარ შეცდომებს. „ცეკვების“ პერიოდში მიჩნდებოდა კითხვები, მაგრამ რომ დაჯდებოდა და უყურებდა, პასუხებს სცემდა და მათი დასმა არასდროს დამჭირვებია. თუ რამე გამოსასწორებელი ექნება, მივცემ შენიშვნას, მაგრამ ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა. ერთადერთი, სპექტაკლს ვერ უყურებს, თორემ ფილმი იქნება, გადაცემა თუ ცეკვა, თავადაც კარგად ხვდება ყველაფერს.

გიორგი:

რჩევებს მაძლევს ხოლმე, საჭირო რჩევებს. ოჯახი გვაქვს და გვინდა, უკეთესები ვიყოთ, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, ამიტომ ხან რჩევას ვაძლევთ ერთმანეთს და ხან – შენიშვნას.

„ჩემი ცოლის დაქალებში“ იმიტომ აღარ ხარ, რომ „იმედის“ პროექტებში დაკავდი. ეს გადაწყვეტილება რთულად მიიღე, რადგან სერიალში როლი საეტაპო იყო შენს კარიერაში თუ ადვილად გადაწყვიტე?

ახალ გამოწვევებზე უარი არ ვთქვი, რაც უფრო მეტ გამოცდილებას დააგროვებ, მით უფრო საინტერესოდ ცხოვრობ. გამოცდილება გემოვნებასაც აყალიბებს, ამიტომ ახალ გამოწვევებზე უარის თქმა არ მიყვარს. „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ სანამ წამოვიდოდი, მანამდეც ვიცოდი, რომ რაღაც ყოველთვის სრულდება და ახლის დაწყების დროც დადგებოდა. მაშინ მეგაშოუს წამყვანობა შემომთავაზეს და დავთანხმდი. მანამდე რაღაცებისთვის მომზადებული ვიყავი, როგორც მსახიობი. როცა წამყვანობის საჭიროება დადგა, მივხვდი, რომ ამ პროფესიას კიდევ სხვა რაღაცები სჭირდება. ორივეგან ჩართული კამერებია, მაგრამ სხვადასხვა პროფესიაა. წამყვანობის შემდეგ ცეკვაც ვცადე, მიყვარს ექსპერიმენტები.

თაკო, „ჩცდ“-დან წამოსვლა, ალბათ, რისკი იყო გიორგისთვის. შენ მოუწონე გადაწყვეტილება?

ახალს ვერაფერს დავამატებ. ახალ ეტაპებს ერთად განვიხილავთ, გიორგის თანამოაზრე ვარ აბსოლუტურად ყველაფერში და მეც დავეთანხმე.

თქვენი წყვილის გადასახედიდან, რა იცვლება ოჯახის შექმნის შემდეგ?

სანამ ბეა გაჩნდებოდა, მე პირადად ვერაფერს ვაცნობიერებდი და ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ვერ აღვიქვამდი. ბეა რომ გაჩნდა, მაშინ დაიწყო ახალი ეტაპი და გაჩნდა პასუხისმგებლობები, რასაკვირველია, დაგვემატა ძალიან დიდი სიხარული (იღიმის), მისი სახით.

გიორგი:

ბეამ ამოაყირავა ჩვენი ცხოვრება. ჩვენ მასთან ურთიერთობითაც შეგვცვალა და ახლიდან გაგვაჩინა, სხვებთან დამოკიდებულებაშიც უამრავი ცვლილება შეიტანა, აღარ ვართ ორნი, კიდევ ახალი ხასიათი გაჩნდა ჩვენს ურთიერთობაში. ეს ძალიან საინტერესოა.

როგორი მამაა გიორგი?

თაკო:

თავიდანვე რომ გავიგეთ, რომ ბეას ველოდებოდით, მივხვდი, რომ კარგი მამა იქნებოდა. ყველაფერში ჩართული იყო, ექიმებთან დამყვებოდა. ბეას გაჩენის შემდეგ, თვენახევრის განმავლობაში, ბეას ხელში ვერ ვიყვანდი, ძალიან მეშინოდა და გიორგი უვლიდა. ცოტა რომ წამოიზარდა, აღზრდასთან დაკავშირებით გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა…

გიორგი:

მაგრამ ბოლოს ისე ვაკეთებთ, როგორც ბეას უნდა (იცინიან).

თაკო, თუკი გიორგი როლზე მუშაობს და უხასიათოდაა, როგორც მსახიობებს სჩვევიათ, შენ ამ დროს როგორ იქცევი?

მეც არ ვარ სულ სახლში, მაგრამ მართალი გითხრათ, არასდროს მინახავს, ოთახში შეკეტილიყოს უხასიათოდ. შეიძლება მაშინ იკეტება, როცა მე არ ვარ, ვერ გეტყვით (იცინის).

არც კამათობთ არაფერზე?

გიორგი:

რაღაცებზე ვჩხუბობთ, მაგრამ ძირეულ საკითხებზე ვთანხმდებით. დანარჩენი ისაა, რასაც ცხოვრება ჰქვია.

ბეა როგორი გოგო გინდა იყოს?

არ ვიცი, მინდა, დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. მე რა ვიცი, როგორი იქნება, როცა გაიზრდება, მაგრამ ინფორმაციის მიღებას ხელს არ შევუშლი, რაღაც ინფორმაციას, რა თქმა უნდა, დავბლოკავ, მაგრამ ვეცდები, რა ინტერესიც ექნება, მის წინ წამოწევაში მივეხმარო. ცხოვრება რა გაკვეთილებსაც მოუმზადებს და როგორ გარემოშიც გაიზრდება, აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდება მისი ხასიათიც.

ახლაც, ზოგადად, ისეთი ასაკი აქვს, ბევრ რაღაცას პირველად აკეთებს. მნიშვნელოვანია, როგორ მიაწვდი რაღაცებს პირველად, პირველი შთაბეჭდილება და ემოციები დაამახსოვრდება და ბევრ რამეს განაპირობებს. წყალი ძალიან უყვარს, ზღვასთან რომ მივიყვანეთ, არ მოეწონა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც არასწორად მივაწოდეთ. როცა ბავშვი გყავს, რენტგენის ქვეშ ხარ. თუკი ბავშვს სულ ტყუილებს შესთავაზებ, არ მიიღებს და მერე თავადაც მატყუარა გახდება, ამიტომ ბავშვთან ურთიერთობას დიდი სიფრთხილე სჭირდება…

ეჭვიანობას რა ადგილი აქვს თქვენთან?

თაკო:

არ ვიცი, ამ შეკითხვაზე რა ვუპასუხო ხოლმე. შეიძლება, თავად არ ვარ ეჭვიანი ადამიანი. მსახიობი რას აკეთებს საეჭვიანოს, მაგასაც ვერ ვხვდები… ბევრი მეკითხება ეჭვიანობაზე. გიორგი ბევრ ადამიანს რომ უყვარს, ამიტომ მეკითხებიან? ეს ძალიან მიხარია. რამე რომ იყოს საეჭვიანო, ალბათ, არ მესიამოვნებოდა, მაგრამ პირველ რიგში, გიორგიში ვარ დარწმუნებული და არც ყოფილა არაფერი საეჭვიანო. გიორგის შემოქმედების თაყვანისმცემლებს ის თავისი ოჯახით უყვართ, მე ასე ვფიქრობ (იღიმის).

გიორგი, შენთვის როდისმე პოპულარობა შემაწუხებელი გამხდარა? როგორც ვხვდები, არ გიყვარს საჯაროობა და არც ინტერვიუები…

ზოგადად, გაპრანჭული მდგომარეობა არ მომწონს. ახლაც რეალურად ეს ხდება, გავიპრანჭეთ, მოვედით, დავსხედით, ფოტოები გადავიღეთ (იღიმის). რაღაც დროის წინ არ იყო პოპულარობა, ახლა მოვიდა, ესეც ცხოვრებაა… ეს არ მიქმნის დისკომფორტს. ინტერვიუები დიდად არ მიყვარს. ბევრი ადამიანის ყურადღების ცენტრში ყოფნა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ის რაღაც საინტერესოს ქმნის. ადამიანის გარშემო არსებული ბევრი ინფორმაცია ამის აღქმაში ხშირად ხელს უშლის.

როგორ ფიქრობ, გიცნობენ რეალურს, ისეთს, როგორიც ხარ ეკრანს მიღმა?

უამრავი მეგობარი მყავს და ისინი მიცნობენ კარგად. რასაც სთავაზობ ადამიანს, იმას იღებს. თუკი გულწრფელობას სთავაზობ, ე.ი. ისეთს აჩვენებ საკუთარ თავს, როგორიც სინამდვილეში ხარ, თუკი პრანჭვას დაიწყებ, ე.ი. არ ხარ გულწრფელი.

წლების შემდეგ როგორ ცხოვრებას ინატრებდით? გაქვთ გეგმები?

ზოგადი სურვილები, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ რეალურად, ისიც კი არ ვიცით, ერთ საათში რა მოხდება. ჩვენ ვემზადებით ყველაფრისთვის, რომ ვიყოთ ძლიერები და შევხვდეთ, რასაც ცხოვრება გვთავაზობს. თუკი ფინანსური კუთხით განვიხილავთ, არც ერთს ხასიათში არ გვაქვს შემგროვებლობა და ვერაფერს ვაგროვებთ, ფულთან ურთიერთობა ვერ ვისწავლეთ, უფრო მომხმარებლური დამოკიდებულება გვაქვს…

თაკო:

არაფერი გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, არ შევწყვიტოთ განვითარება და ყველა ახალი გამოწვევისთვის მზად ვიყოთ.

გიორგი, კარიერაში მწვერვალი რა არის, შენი აზრით?

ალბათ, ასეთი მწვერვალი არ არსებობს. ვისურვებდი, სულ მქონდეს სამუშაო და მზად ვიყო ამისთვის. სად დასრულდება განვითარება, სად დაისმება წერტილი, არავინ იცის. სამწუხაროდ, საქართველოში სერიოზული რაღაცები იშვიათად იქმნება, რადგან საქმისადმი დამოკიდებულება, რეჟისორების, მსახიობების, მხატვრების, კომპოზიტორების, ხშირად არის არასერიოზული. როცა რაღაცას აკეთებ, ისე უნდა გააკეთო, თითქოს ამისი შანსი არასდროს მოგეცემა!.. ვთქვათ, კინო – თუკი მას ყველა სერიოზულად მიუდგება, შედეგი იქნება, ყველა ვარიანტში გამოჩნდება შრომა. თუკი შევხვდები ფანატიკოსების გუნდს, რომელიც მზად იქნება სერიოზული მუშაობისთვის, სიამოვნებით წავყვები ნებისმიერ ექსპერიმენტზე.

და ანაზღაურებასაც არ მიანიჭებ მნიშვნელობას?

სიმართლე გითხრა, ანაზღაურება ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად ხარისხის პირდაპირპროპორციულია, მაგრამ ახლა იმდენად ვარ მოწყურებული საინტერესო სამუშაოს, რომ ასეთ ჯგუფს ალბათ მცირე ანაზღაურებაზეც დავთანხმდებოდი…

როგორ ფიქრობ, ცოტნეს როლი ხომ არ შეგზღუდავს ახალი როლების მიღებისას?

ფანატიკოსებზე რომ ვსაუბრობდი, მათთან ალბათ, ეს არ იქნება შემზღუდავი ფაქტორი, მაგრამ ვინც ფიქრობს, რომ რადგან ტელევიზორში გამოჩენილხარ, სხვა როლზე არ უნდა დაგაკავოს, მას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. შესაძლოა, პოპულარულმა როლმა გააჩინოს ეს მოსაზრება, მაგრამ როცა ახალს შევეჭიდები, მუშაობისას დავამტკიცებ, რომ ყველა როლთან ახლებური მიდგომაა შესაძლებელი…

untitled-3გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი თბილისი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები