„მდგომარეობა ძალიან საყურადღებო და რთულია. ეპიდემია ფართო მასშტაბით ვრცელდება ქვეყანაში, მონაცემები ყოველდღიურად მზარდია და ის უკვე დიდი ხანია ოთხნიშნა ციფრით განისაზღვრება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან საყურადღებოა და სახელმწიფოს, სამედიცინო სექტორისა და მთელი საზოგადოების პასუხიც შესაბამისია. ჩვენ ყველა ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ“, – ამ მიმართვით დაიწყო სიტყვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ გამართულ ონლაინკონფერენციაზე.
ფეისბუქბრიფინგი ამირან გამყრელიძემ, პაატა იმნაძემ და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა გამართეს.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, რთული კითხვაა, თუ რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე. მისივე განმარტებით, საზოგადოებამ შეიქმნა ილუზია, თითქოს კორონავირუსი დავამარცხეთ.
„გარკვეული ხარვეზები თვითონ ჩვენს სამსახურსაც ჰქონდა. ასევე, რა თქმა უნდა, იყო ჩვენი მოსახლეობის თვითდაჯერება, განსაკუთრებით ივნის-ივლისში, როდესაც დავიჯერეთ და შევიქმენით ილუზია, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და არავითარი რეგულაციები აღარ გვჭირდება. ჩვენ სულ ვსაუბრობდით, რომ შემოდგომა იქნება რთული და რომ არ შეიძლება ამ ილუზიის შექმნა, რადგან კორონავირუსული პანდემია არ დაუმარცხებია საქართველოს და ვერც დაამარცხებს მარტო აღებული“ – თქვა გამყრელიძე.
მანვე აღნიშნა, რომ ვირუსის ამ ტემპით გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების მოდუნება და რეგულაციების არ დაცვაც იყო:
„ამის პირველი სიგნალები იყო აგვისტოს ბოლოს აჭარაში, სადაც დაიწყო სერიოზული ეპიდაფეთქება და რომლის შემდეგ გავრცელდა მთელს ქვეყანაში. ამიტომ, ახლა ნუ ვიტყვით, ვინ, სად, რა შეცდომა დაუშვა, ან დაუშვა თუ არა. ფაქტია, რომ ეპიდემია ქვეყანაში სერიოზულ მასშტაბებს იღებს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ“- განაცხადა გამყრელიძემ.
დავადებათა კონოტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საველე ჰოსპიტლებზეც ისაუბრა და თქვა, რომ იდეა ყოველთვის განიხილება და მუშავდება, მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანაში არასაველე საწოლებია მობილიზებული.
„დაახლოებით 5 500-მდე საწოლია მობილიზებული. დღევანდელი რიცხვით, 4 751 პაციენტი წევს საავადმყოფოებში და კიდევ ყოველდღიურად ხდება მობილიზირება საწოლფონდის, რომელიც ამ თვის ბოლომდე უნდა ავიდეს 8 500-მდე და თუ ეს არ იქნა საკმარისი, მაშინ არის გეგმა-ბე, რომელიც გულისხმობს დიდი სხვა სივრცეების მობილიზირებას, არ აქვს მნიშვნელობა რას დაარქმევთ – საველე ჰოსპიტალს თუ დიდ სივრცეებს, სადაც შესაძლებელია დამატებითი ადგილები იქნეს გამოყოფილი, რომ პაციენტებს ჰოსპიტალური დახმარება მიეწოდოთ“- აცხადებს გამყრელიძე.
მან ასევე ისაუბრა სწრაფი ტესტების რაოდენობაზე და თქვა, რომ:
„როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე დამყარებული ტესტების შესაბამისი რაოდენობა ქვეყანაში არის. დღეს კიდევ დამატებით ნახევარი მილიონი ანტიგენის ტესტით შეივსო მარაგები და დამატებით შეკვეთილია ერთი მილიონი. ასე რომ დეფიციტი არ არის“ – აღნიშნა გამყრელიძემ.
ბოლოს კი ყურადღება გაამახვილა შეზღუდვაზე, რომელიც გადაადგილებას ეხება და განაცხადა, რომ არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომელიც ამ შეზღუდვის ეფექტიანობას ადასტურებს:
„ჩვენ შედეგს დავინახავთ რამდენიმე ხანში. ამას დრო სჭირდება, ხშირად კვირაც, რომ შედეგი ვნახოთ შემზღუდველი ღონისძიებების. ვერც ერთი შემზღუდველი ღონისძიება მყისიერ შედეგს მეორე დღეს ვერ იძლევა, ცალკე აღებული ვერც ერთი ღონისძიება ეპიდემიას ვერ შეაჩერებს.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.