პროკურატურაში ე.წ. კორტების საქმის მსჯავრდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები დაიბარეს.
ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ საქმე ეხება მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებს (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით).
“ანალოგიურ ფაქტზე, საქართველოს მთავარი პროკურატურა, ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმის ერთ-ერთი მოწმის წერილობითი განცხადების საფუძველზე, გამოძიებას აწარმოებს ჯერ კიდევ 2017 წლის 08 თებერვლიდან. მოწმე განცხადებაში მიუთითებდა, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებული პირების ახლო ნათესავები, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ, მას ჰპირდებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.
“გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კორტების სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ კვლავ მომართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და განაცხადა, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებული ი.ფ.-ს ახლობლები ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე ახდენდნენ ზეწოლას.
“მოწმის სახით გამოკითხვისას, აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ მას შეხვდნენ მსჯავრდებულ ი.ფ.-ს მეუღლე ნ.ხ. და ერთ-ერთი შვილი, რომლებმაც უთხრეს, რომ მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა შეეცვალა ჩვენება და უნდა ეთქვა, რომ, თითქოსდა, შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა და არაფერი დაუნახავს. ასევე, თითქოს, მსჯავრდებულ ი.ფ.-ს მამხილებელი ჩვენება მისცა პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შედეგად. სანაცვლოდ მას გადასცემდნენ 30 000 აშშ დოლარს და უზრუნველყოფდნენ მოწმის ქვეყნიდან გაყვანას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით.
“საქმეზე გრძელდება გამოძიება, მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით,” – აღნიშნულია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.
ამავერ საკითხზე დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებმა. მათ პროკურატურას მიმართეს და მოწმეზე ზეწოლის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.