79 წლის თუშმა ქალბატონმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და მას უკვე იცნობენ აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. საუბარია ლილი მურთაზაშვილზე, რომელიც პროფესიით ფილოლოგია, თუმცა ამჟამად ამ პროფესიით აღარ მუშაობს და ის წინაპრების საქმიანობას დაუბრუნდა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ლილი მურთაზაშვილი თუშეთში მწყემსის ოჯახში გაიზარდა, სადაც ყველა ფარდაგებს ამზადებდა, მანაც ხელსაქმე ბავშვობიდან ისწავლა. შემდეგ, წლების განმავლობაში სკოლაში, პედაგოგად მუშაობდა, ბოლოს კი ისევ ოჯახურ საქმიანობას დაუბრუნდა. ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, შეიძინა ყველა საჭირო ნივთი, რომელიც მუშაობისთვის სჭირდებოდა და წარმოება გაზარდა.
„წერა-კითხვაზე ადრე ამ საქმიანობას მივყავი ხელი. როდესაც სკოლაში შევედი, მატყლზე მუშაობის თითქმის ყველა პირობა უკვე ვიცოდი. ამჟამად,ძირითადად, ვმუშაობ ფარდაგზე, გამომყავს 50 ფერი. აღსანიშნავია, რომ თუშური მატყლი არის 20-ზე მეტი დაავადების მკურნალი“, – ამბობს ლილი მურთაზაშვილი.
მცირე მეწარმე ახალგაზრდებს ურჩევს, მიჰყვნენ იმ ტრადიციულ საქმიანობას, რითაც მათი მამა-პაპანი ცხოვრობდნენ.
„იაპონია, ინდოეთი, ჩინეთი – იმიტომ არიან დღეს ამ დონეზე, რომ მათ ტრადიციულ საქმიანობას არ უღალატეს“, – ამბობს მურთაზაშვილი და აქვე დასძენს, რომ მისი ნამუშევრების გამოფენები აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ: ინგლისში, საფრანგეთში, ნიდელრანდებში ჩატარდა.