LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადავადებულ სესხებზე პროცენტის გარდა სხვა თანხასაც უმატებენ, რომელიც არავინ იცის, საიდან მოვიდა”

837
FORTUNA.GE (32)

კორონაპანდემიის დაწყებიდან ძალიან მალე ბანკებმა ინიციატივა გააჟღერეს სესხების სამი თვით გადავადების შესახებ. მოგვიანებით, აღნიშნული ვადა კიდევ გახანგრძლივდა. სესხის გადავადება მომხმარებლის სურვილის შესაბამისად ხდებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საშეღავათო პერიოდის პროცენტს მომხმარებლები მაინც გადაიხდიდნენ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ და პროცენტი გადანაწილდებოდა მთელ დარჩენილ პერიოდზე.

მოგვიანებით ასევე გაირკვა, რომ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სასესხო ვალდებულებას ემატებოდა თანხები, რომლის წარმომავლობაც მსესხებლებისთვის გაურკვეველი იყო და მის შესახებ არაფერი იცოდნენ.

მსგავსი პრობლემური ქეისები ძალიან ბევრი დაგროვდა „იურიდიული მომსახურების ცენტრში“. სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს ცენტრის ადვოკატი ეკა ლომიძე “ფორტუნასთან”.

გვითხარით იმ კონკრეტული ქეისების შესახებ, რომლებიც ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირია. გარდა იმ პრობლემისა, რომ პროცენტზე არ ჰქონდათ ინფორმაცია, კიდევ რა დამატებითი გადასახადი ეკისრებათ, როდესაც მომხმარებელი ამის შესახებ იგებს და როგორ მოგმართავენ თქვენ?

პირველ რიგში ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით იმდენი ქეისია, ადვოკატებმა დავიწყეთ პროექტი „დააპაუზე უფასოდ“, რათა პანდემიის დაწყებისთანავე დავხმარებოდით ადამიანებს. დაიწყო თუ არა ეს თემა, ადამიანებს წარმოექმნათ პრობლემები: დარჩნენ უმუშევრები, ძალიან ბევრი შეზღუდვა იყო სახელმწიფოსგან. ამან გამოიწვია ის, რომ გადახდისუნარიანი აღარ იყო ჩვენი საზოგადოება და დავიწყეთ ამ მათი დახმარება იმ კუთხით, რომ ვეუბნებოდით – დაგვირეკეთ, აგიხსნით, ჩვენ მივმართავთ ბანკებს, ეს არის ფორსმაჟორული გარემოება, რომ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით თუ დარჩით უმუშევარი, ეს პერიოდი არ უნდა დაგერიცხოთ ჯარიმა, საურავი და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ საზოგადოება ამაზე ინფორმირებული საერთოდ არ ყოფილა და ამ მხრივ უფასო იურიდიული დახმარებაც არ არსებობდა. ამ შემთხვევაში ეს იყო სწორედ ის, რაც ხალხს სჭირდებოდა. სხვათა შორის, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან.

ძირითადად, რა პრობლემებით გირეკავდნენ?

პირველი ეტაპი იყო ის, რომ საგანგებო მდგომარეობა როცა გამოცხადდა,  ამის მიუხედავად, გვეუბნებონდნე, რომ არ მივადებენ, მაკისრებენ პირგასამტეხლოს. ერთდღიანი ვადაგადაცილების გამოც კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არიცხავდნენ პროცენტს მაშინ, როცა ადამიანი ვერ მუშაობს, სახლში ზის, გამოკეტილია, ურეკავდნენ ინტენსივობით. ბევრი ადამიანი ტირილით გვირეკავდა – რა ვქნა, ვერ ვმუშაობ, სახლში ვარ გამოკეტილი, პანდემიაა, საგანგებო მდგომარეობაა და მეუბნებიან, რომ იცოდე სახლს დაგიყადაღებ, გაგიყიდი – და ასე შემდეგ. ჩვენ სამართლებრივ დოკუმენტაციას ვადგენდით, შემდეგ მეილით ვაგზავნინებდით და ხელს ვაწერინებდით.

რას უსახელებდნენ მიზეზად, როცა გადავადებაზე უარს ამბობდნენ?

ეუბნებოდნენ, რომ არ ეკუთვნოდათ გადავადება. ფაქტობრივად, ეს სახელმწიფოს ინიციატივა კი არ ყოფილა, ეს იყო თავად საბანკო ორგანიზაციების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გაკეთებული. სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ რეკომენდაცია გასცა, რომ კარგი იქნება თუ გადაავადებენ.
ეს არ იყო სავალდებულო და თითოეული კომპანია თავად წყვეტდა – ან გადაუვადებდა ან არა. ამიტომ ეს იყო პრობლემა, რომ მხოლოდ ბანკებმა დაიწყეს მასობრივად გადავადებები, მაგრამ მიკროსაფინანსოებმა, ონლაინებმა, ლომბარდებმა, ფაქტობრივად, არ გაადაავადეს. ზოგი კომპანია იცით რას აკეთებდა? ეუბნებოდა, რომ ძირს გადაუვადებდა და პროცენტს ვერა. დავუშვათ, თუ ადამიანს ჰქონდა 1000 ლარი, ძირი იყო 100 ლარი და 900 იყო პროცენტი, წარმოგიდგენიათ?

თუმცა, პროცენტიანად ვინც გადაუვადა, აღმოჩნდა რომ მას მაინც ერიცხებოდა პროცენტი…|

აი, ახლა მეორე პრობლემა. ჯერ ვეტყვი მსმენელს, რომ შეუძლიათ ჩვენს Facebook-ის გვერდზე – „დააპაუზე უფასოდ“ მოძებნონ, მოგვწერონ საკუთარი მონაცემები, იქ საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული ჩვენი ფუნქციები, ნახავთ ჩვენ ვიდეოებს. ჩვენი ტელეფონის ნომერია: 599 35 55 51, ამ ნომერზე დაკავშირების შემდეგ, მოხდება მათი გადანაწილება იურისტებთან და შესაბამისი დახმარება. ახლა რა ხდება დღეს. გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს გადაგვივადეს, სამი თვე გავიდა, შემდგომ კიდევ ორი თვე მოგვცეს. ოღონდ, ჯერ ეს გადავადება როგორ მოხდა ხომ იცით? პროცენტი, ის რაც იყო გადაყვა ამ ხალხს, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა არ იცოდა. სექტემბერი-ოქტომბერია, ზოგმა ახლა დაიწყო გადახდა უკვე და ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავს და გვეუბნება, რომ ჰქონდა 10 000 ლარიანი სესხი, დღეს უნდა გადაიხადოს 15 000, ჰქონდა 5-წლიანი და აქვს 8-წლიანი და რა ხდება? ასე ზეპირად არკვევენ, ტელეფონებზე რეკავენ და ოპერატორები ეუბენებიან, რომ აი ასე მოხდა – რა ვქნათ, გადავადებით ხომ ისარგებლეთ, ხომ კარგი იყო ეს გადავდება თქვენთვის, აი ამიტომ დაგემატათ.
მაგრამ მე ერთ ძალიან კარგ რჩევას მივცემდი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც აქვს სესხები. გეტყვით კონკრეტულ ქეისებსაც, სტატისტიკა არის კოშმარული – ამ ადამიანებს მოუწიათ გადახდა უკვე დღეს და შეხედეს, რომ გრაფიკში აშკარად იყო, დავუშვათ, ყოველთვიურად გადასახდელი 200 ლარი და დღეს უნდა გადაიხადოს 400 ლარი, ვერ მიხვდა რაშია საქმე, რომ დარეკა ტელეფონზე, უთხრეს, რომ იცით რა? ეს იყო დანამატი, რომელიც… არაფერი არ არის.

ეუბნებიან რომ პროცენტია. საქმე ის არის, რომ არც ანგარიშობენ, მართლა ეს ოდენობა არის თუ არა პროცენტის.

დიახ. მე ვურჩევდი ამ ადამიანებს, როდესაც მიდიან ბანკში, ან მოსდით შეტყობინება, რომ გადასახდელი გაქვთ გადავადების შემდგომ ამდენი, აუცილებლად დაინტერესდით და გამოართვით ახალი გრაფიკი. ძალიან ბევრს ძველი გრაფიკიც კი არ აქვს და ვერც ადარებს, არ ახსოვს, ეძებენ სმს-ებს, რომლებიც ზოგს წაშლილი აქვს. აუცლიებლად მოითხოვეთ ძველი და ახალი გრაფიკი, ამის უფლება გაქვთ – შეადარეთ ერთმანეთს და ნახეთ, რა სხვაობაა, თუ აშკარად დიდი სხვაობაა და იხდიდით დაუშვათ 200 ლარს და დღეს გადასახდელი გაქვთ 400, დაფიქრდით, რა პროცენტია ასეთი?

თუ გქონიათ შემთხვევები, რომ დაიანგარიშეთ დამატებული თანხა და აღმოჩნდა, რომ წლიურ პროცენტზე მეტია, რაც მანამდე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

ძალიან სამწუხარო რეალობას შევეხეთ. თუ რა მოხდა რეალურად ამ გადავადებების შემდეგ. რა აღმოჩნდა შემდგომ, რა უნდა გვქონოდა და რა მივიღეთ. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო და ერთ კონკრეტულ შემთხვევას არ დავასახელებ, არ დავასახელებ თვითონ ორგანიზაციას, რომელშიც ხდებოდა ეს. ამ შემთხვევაში იყო ბანკი. ეს საქმე დაკავშირებული იყო ასაკოვან ქალბატონთან და განსაკუთრებით ასეთი ადამიანები ვერ ერკვევიან გარკვეულ საკითხებში.
აღმოჩნდა, რომ პანდემიის გამო ჰქონდა გადავადებული სესხი და ძალიან წუხდა, რომ დაუანგარიშდა და კიდევ კარგი თავად მოითხოვა გრაფიკი. აღმოჩნდა, რომ ამ გრაფიკით განსაზღვრული ყოველთვიურად გადასახდელი თანხა იყო გაცილებით მეტი და წლებიც გაზრდილი იყო. შემდეგ, როდესაც დაიანგარიშა, აღმოაჩინა, რომ სადღაც 3 000 ლარით მეტი იყო მისი თანხა იმ გადასახდელზე. როდესაც დეტალურად დავიანგარიშეთ, 5-თვიანი გადავადება თავისი პროცენტით გამოვიდა დავუშვათ 2 000 ლარი, რომელიც უნდა გადაეხადა და ზემოდან კიდევ დამატებული ჰქონდა 3 000 ლარი. რომ დავინტერესდით, რა იყო ეს 3 000 ლარი, ვერ გვითხრა ქალბატონმა. ძირზეც კი მომატებული იყო თანხა და ძირს თანხა მოემატოს, ეს წარმოუდგენელია.

ვის უკავშირდებით ამ შემთხვევების აღმოჩენის შემდეგ?

ჩვენ მივმართავთ წერილობით ბანკს, ასევე ვცდილობთ, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკიც ჩავრთოთ და წერილის სახით ვაცნობოთ რა ხდება. ის არის ზედამხედველი და პირდაპირ წერია კანონში, რომ მომხმარებელთა უფლებებს უნდა იცავდეს, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ჩარევები მინიმალურია. ჩარევებში არ ვგულისხობ, რომ ვინმეს რამე უნდა მიუთითოს, უბრალოდ ზედამხედველობის კუთხით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხითაც რომ იყოს ჩართული – კარგი იქნებოდა.
ამ კონკრეტულ სიტუაცაში დავიანგარიშეთ და აღმოჩნდა, რომ არასწორად იყო რაღაც თანხები და ეს თანხები ჩამოეწერა ამ ადამიანს.
გვქონდა ერთი შემთხვევა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან. ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი თანხა აღმოჩნდა გადასახდელი. დეტალურად დავიანგარიშეთ ძველი და ახალი გრაფიკით, შემდეგ რა მოუვიდა, რამდენი ჰქონდა ყოველთვიურად, ძირი რამდენი ჰქონდა.
ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, საჭიროა, ყველაფერი დეტალურად გქონდეთ დაანგარიშებული.

თქვენ ბანკებთან უშუალო კომუნიკაცია გაქვთ? მიდის თუ არა სასამართლომდე ასეთ პატარა შემთხვევებზე საქმე? წესით, ბანკს ალბათ არ უნდა აწყობდეს  აქამდე მივიდეს საქმე. ხდება თუ არა მორიგება? ასე მიმართავთ ბანკს, დაიანგარიშებენ და იქვე გვარდება პრობლემა?

ამ შემთხვევეაში, თუ თანხა არის უსაშველოდ დიდი, დავუშავათ 10 000 ლარი, 5 000 ლარამდე კიდევ შეიძლება ამ ფორმით მოაგვარო, მაგრამ თუ დიდ თანხებზეა საუბარი, იქ მოქალაქეებსაც უჭირთ სასამართლოში წასვლა. მოქალაქემ, მხარემ უნდა უჩივლოს ბანკს, რომ არასწორად არის დაანგარიშებული, ეს დაკაშირებულია ფინანსებთან.  ეს ადამიანები რჩებიან, რასაც ქვია, მარტო ბანკთან. ამ ადამიანს ფინანსურად არ აქვს საშუალება აიყვანოს ადვოკატი, ამიტომ ვურჩევ, როდესაც მიიღებენ დოკუმენტაციას და ჩაიბარებენ, დაგვკავშირდნენ და ვეცდებით დავაკვალიანოთ, რომ არ გავიდეს ვადები. ვერ ვიტყვით, რომ სასამართლოში ასეთი საქმეები არ მიდის, მიდის და ახლა უფრო მეტად გამოჩნდება საქმეები. ვერ წარმოიდგენთ, სასამართლო როგორ გადაიტვირთება ამდენი სარჩელის შემდეგ.
ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც არის მოსაფიქრებელი, რაღაც ისეთი, რომ პანდემიის გამო დაზარალებულებს სასამართლოში მაინც არ უჩივლონ, სახლები მაინც არ გაუყიდონ.

 

რა მთავარ რჩევას მისცემთ მოქალაქეებს? კიდევ ერთხელ რომ შეახსენოთ, სად უნდა მოგმართონ?

პირველ რიგში, რჩევა მოქალაქეებს, რომლებიც დღეს რაიმე სახის სასესხო ვალდებულებაში იმყოფებიან: აუცილებლად, თუ მათ გადაუვადეს სესხი და მიიღეს ახალი ინფორმაციები სმს-ების სახით, ან ოპერატორებს დაუკავშირდნენ და მათ უთხრეს, რომ ამდენი გაქვთ გადასახდელი – ნუ დაკმაყოფილდებით ამით. თუ გაქვთ საშუალება, აუცილებლად მიდით ან მისწერეთ, რომ გადმოგიგზავნონ ახალი გრაფიკი. თუ ძველი გრაფიკი არ გაქვთ და ვერ ადარებთ, გადმოაგზავნინეთ ძველი გრაფიკიც. ეს მათი ვალდებულებაა. თუ რომელიმე საკრედიტო ორგანიზაცია საკრედიტო გრაფიკის მიღებაზე უარს გეტყვით, შეგიძლიათ ეროვნულ ბანკს მიმართოთ. აქ ნამდვილად მოახდენენ რეაგირებას. ეს უკვე მათი ფუნქციაა, რომ აუცილებლად მიუთითონ, რომ ეს დოკუმენტები, რაც თქვენ გეკუთვნით, უნდა მოგცენ. შეადარეთ ერთმანეთს თანხები ძველი და ახალი გრაფიკით და თუ შეხედეთ, რომ თანხა უსაშველოდ გაზრდილია, აუცილებლად მოგვმართეთ.
კიდევ გავიმეორებ, რომ Facebook-ზე გვიპოვით სახელწოდებით – „დააპაუზე უფასოდ“ . შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 599 35 55 51 და ჩვენი იურისტები ეცდებიან მაქსიმალურად სწრაფად დაგაკვალიანონ და აგიხსნან, თუ როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემები.