2017 წლის აგვისტოში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5,7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა ინდექსის მთლიან ცვლილებაში 0,17 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე (2,9 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასების 0.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,16 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (5,4 პროცენტი), აგრეთვე ხილი და ყურძენი (1,7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულზე (-3,8 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,7 პროცენტით, რამაც ინფლაციის თვიურ მაჩვენებელზე -0,09 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა.
წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 6,2 პროცენტით, რაც 1,88 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (18,4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7,4 პროცენტი), თევზეული (6,8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,1 პროცენტი);
ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 11,6 პროცენტით, რამაც წლიურ ინფლაციაში 1,46 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16,2 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,5 პროცენტით, რაც 1,14 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (37,3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,8 პროცენტით, რაც 0,69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასებმა მოიმატა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (20,9 პროცენტი).