LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობას ქათმის ხორცი გაუძვირდება – რას პროგნოზირებს ბიზნესი?

216

ქართული ქათმის ხორცი უახლოეს პერიოდში გაძვირდება – აღნიშნულ პროგნოზს ქათმის ხორცის ადგილობრივი მწარმოებლები აკეთებენ. მიზეზად კი საქართველოს მთავრობის ახალ დადგენილებას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, ფრინველის ხორცის ვეტერინარული შემოწმება, 1 ფრთა ქათამზე 5 თეთრით განისაზღვრა.

როგორც ”ფორტუნას” ქათმის ხორცისა და კვერცხის მწარმოებელი კომპანია ”კოდას” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა განუცხადა, ბიზნესი ახალ დადგენილებას მოუმზადებელი შეხვდა.

”აღნიშნულის შესახებ დაახლოებით 4 თვის წინ გვქონდა შეკრება სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც გვითხრეს, რომ ასეთი რამ იგეგმებოდა. თუმცა, ამის შემდეგ აღარავის გავუფრთხილებივართ. 22 აგვისტოს კი დამირეკეს და მითხრეს, რომ კანონი ძალაში 2 დღეში შედიოდა. ამის გამო, ზუსტად ერთ დღეში მომიწია ყველა დოკუმენტის შეგროვება და მომზადება იმისთვის, რომ 24 აგვისტოს ჩემი სასაკლაო არ დაეხურათ და ქათმის დაკვლა კვლავ შემძლებოდა”, – აღნიშნა ჭუჭულაშვილმა.

მისი თქმით, ეს დადგენილება უარყოფითად პირველ რიგში მოსახლეობაზე აისახება, ვინაიდან, კომპანიებს ქათმის ხორცის გაძვირება მოუწევთ.

”მოგეხსენებათ, ბოლო 6 წელია, ჩვენ-ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანიები დღგ-სგან გათავისუფლებას ვითხოვთ. იმის ნაცვლად, რომ ამ გადასახადისგან გავთავისუფლებულიყავით, დამატებითი გადასახადი დაგვიწესდა. იმისთვის, რომ სახელმწიფომ აკონტროლოს ჩვენი პროდუქციის ხარისხი, ჩვენვე გვიწევს თანხების გაღება”, – აღნიშნა შპს ”კოდას” გენერალურმა დირექტორმა.

როგორც ზურაბ ჭუჭულაშვილი ამბობს, ამ მიმართულებით მომუშავე ქართული კომპანიების მოგების მარჟა საკმაოდ დაბალია და შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს გაზრდილი ხარჯები მძიმე ტვირთად დააწვებათ.

”მოგვიწევს როგორც ქათმის ხორცის გაძვირება, ისე წარმოების შემცირება. რადგან, გაზრდილი ფასის გამო, გაყიდვები ბუნებრივია შემცირდება”, – განმარტა ზურაბ ჭუჭულაშვილმა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2017 წლის 24 აგვისტოდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ კანონით, განისაზღვრა სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური.  მათ შორისაა ფრინველის ხორცის ვეტერინარული შემოწმება, ე.წ. ფორმა N2 -ი. შესაბამისი დოკუმენტის გაცემა კი 1 ფრთა ქათამზე  5 თეთრი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები