ბორჯომის ხეობაში ხანძრის კიდევ ერთი ახალი კერა გაჩნდა. ცეცხლის კერა სოფელ დაბას ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაა გაჩენილი. მოსახლეობა შიშობს, რომ ცეცხლი უახლოეს პერიოდში მათ სახლებსაც მოედება. ადგილობრივების თქმით, ადგილზე ერთადერთი სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებას რთული მეტეოროლოგიური პირობები, კერძოდ, ქარი ართულებს. მათივე ინფორმაციით, ხანძარს ბორჯომის ტყეში 400-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის.
ლედი ოქროპირიძის თქმით, სამაშველო სამსახური შსს-სა და სხვა უწყებებთან ერთად ყველა ღონეს იხმარს, რომ ხანძარი მოსახლეობამდე არ მივიდეს.
საგანგებო სიტუაციების ჯგუფები საქართველოს რეგიონებიდან გადაისროლეს. ადგილზე მობილიზებულია ტყის 100 მცველი. ისინი, მეხანძრეებთან ერთად, ებრძვიან სტიქიას. ცეცხლს ავიაციის დახმარებითაც აქრობენ.