LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის პორტში შესვლას მხოლოდ ტექნიკური სტანდარტების შესაბამისი ავტომობილები შეძლებენ

110

2018 წლის პირველი იანვრიდან ფოთის პორტში შესვლას მხოლოდ ტექნიკური სტანდარტების შესაბამისი ავტომობილები შეძლებენ. პორტის მფლობელი კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ ინფორმაციით, შესასვლელებში მოხდება სატვირთო ავტომობილების ვიზუალური დათვალიერება და ნავსადგურში დაშვების უფლება მხოლოდ დადგენილი ტექნიკური სტანდარტების შესაბამის ავტომანქანებს მიენიჭება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი რეგულაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში რამდენიმე შეხვედრის შედეგად მიიღეს. კომპანიის ინფორმაციით, შეხვედრებში ჩართული იყო რამდენიმე მხარე- მათ შორის, ლოჯისტიკური, სატრანსპორტო კომპანიები, საზღვაო ხაზებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

,,ეიპიემ ტერმინალსში” ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, უსაფრთხეობის კუთხით ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება, რაც ,,ეიპიემ ტერმინალსის“ უმთავრესი მიზანია. ”მიმდინარე წლის მაისში ფოთის საზღვაო ნავსადგური გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების მეოთხე კვირეულში ჩაერთო. კვირეულის ფარგლებში სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის ტრენინგები 10 მაისს დაიწყო. დღემდე  სწავლება 1378-მა მძღოლმა გაიარა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ”- განმარტავენ ,,ეიპიემ ტერმინალსში”.

კომპანიის ცნობითვე, 2017 წლის 6 თვის განმავლობაში ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 3 მილიონ 213 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 400,000-ით ანუ 14,2%-ით მეტია. მათივე ცნობით, წინა წელთან შედარებით 10,6%-ით გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვები. 144,900 TEU კონტეინერი გადამუშავდა 2017 წლის პირველ ნახევარში, ხოლო 131,000 TEU 2016 წლის პირველ ნახევარში.

ცნობისთვის, 2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური – „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები