LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემი ცოლის დაქალი” პარლამენტში: უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები

1451
78787

საქართველოში არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პრემიერი ამბობს, რომ ტოქსიკური ორი კვირა გველოდება და პოლიტიკოსები ნებისმიერ სიბინძურეზე წავლენ.

არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს საუბარი იმაზე, საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში საერთოდ უნდა ჩატარდეს თუ არა.

„ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკის ოლქში, ლევან კობერიძემ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე პარლამენტმა აუცილებლად უნდა იმსჯელოს.

როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, აუცილებელია საჯარო ფორმატში განიხილონ შეუქმნის თუ არა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს კოვიდ-ვითარებიდან გამომდინარე არჩევნების ჩატარება.

კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს მოუწოდა, მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე, სპეციალური სხდომა, რომელსაც ინფექციონისტები და დარგის სხვა სპეციალისტებიც დაესწრებიან. მისი აზრით, უნდა მოხდეს განხილვა, „რამდენად მძიმეა კოვიდ-ვითარებასთან დაკავშირებული პროგნოზი და მოლოდინები, არსებული მდგომარეობა უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.“

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა შესაძლოა ეჭვის ქვეშ დადგეს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე. 

“არჩევნების გადადების მექანიზმი არსებობს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უკვე ავტომატურად იწვევს პროცესის გადადებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ, სამწუხაროდ, ეს ბერკეტი არ გვიპყრია ხელში. ვისაც ეს ბეკეტი ხელში უპყრია, მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება, იმიტომ, რომ 31 ოქტომბამდე ღია იყოს ქვეყანა და 2 ნოემბერს ხელისუფლებამ უცებ გადაწყვიტოს, რომ დაკეტოს, ეს ძალიან დიდი სირცხვილი და პრობლემა იქნება, ამის პესპექტივას ვერ ვხედავ. ამიტომ, ჯობია, თუ ახლა შეიძლება რამე მოხდეს, ახლა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მძიმე სურათს მივიღებთ და ყველა არასასურველ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას, თითოეულ დეპუტატს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, ადგანაც იმის გამო, რომ ვიღაცის ცოლის დაქალი პარლამენტში შევიდეს, ჩვენი მოქალაქეები რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ”, – აცხადებს გოგიჩაიშვილი.

 

ცოლის დაქალში გოგიჩაიშვილმა ბაია კვიციანი იგულისხმა. 

ბაია „ქართული ოცნების“ სიაში 68-ე ნომერია და დედაქალაქის მეუღლის, ანუკა არეშიძის მეგობარია. ბაია ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის “დალოოდის” ბრენდ-მენეჯერია და პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა.

 

ანუკა მეგობრობს ბაიას დასთან, მაკა კვიციანთანაც.

ბაია კვიციანის ვიწრო თბილისურ წრეებში კარგად იცნობენ. მისი დედა ნანა შუკვანი ერთ დროს ცნობილი დიზაინერი გახლდათ, ასევე ცნობილი დიზაინერია მისი და – მაკა კვიციანიც.

თავად ბაია კვიციანი კი ამბობს, რომ ანუკა არეშიძესთან მეგობრობა მმართველი გუნდის სიაში მოხვედრა არაფერ შუაშია.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ მოხვდა „ოცნების“ სიაში, ბაია კვიციანი პასუხობს:

„ჩემი პირველი პროფესია არის ხელოვნებათმცოდნეობა, დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი. შემდეგ ლონდონში დავამთავრე მაგისტრატურა მენეჯმენტის განხრით. ჩატარდა ტესტირება, რამდენიმე ეტაპიანი გასაუბრებები გავიარეთ და საბოლოო რაოდენობა შეირჩა. სწორედ ასე აღმოვჩნდი “ქართული ოცნების” სიაში“, – ამბობს კვიციანი. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები