”მზეთამზემ” წარმოება გააფართოვა- კომპანიის მიერ წაროებული პური მალე თბილისის ყველა უბანში გაიყიდება. როგორც ”ფორტუნას” ”ქართული ხორბლის პური-მზეთამზეს” დამფუძნებელმა ირაკლი ჩავლეშვილმა განუცხადა, ”მზეთამზეს” პურზე ქართულ ბაზარზე მოთხოვნა მზარდია, რის გამოც კომპანიამ ახალი ქარხნის მოწყობა გადაწყვიტა.
”ჩვენი პურის წარმოება სექტემბერიდან, ფაქტობრივად, 10-ჯერ გაიზრდება. 1 აგვისტოდან გადავედით ახალ საწარმოში, რომელიც უახლესი, თანამედროვე ყველა იმ დანადგარით აღიჭურვა, რომელიც საჭიროა პურის წარმოებისთვის. აქამდე თუ დღეში 500 ცალ პურს ვაწარმოებდით, ამიერიდან შევძლებთ , 5000 ცალი პური ვაწარმოოთ”, – აღნიშნა ჩავლეშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ბრენდის პური უახლოეს პერიოდში თბილისის მასშტაბით თითქმის ყველა უბანში გამოჩნდება. ”მოსახლეობის მხრიდან არის დიდი მოთხოვნა, გვიკავშირდებიან და გვთხოვენ, რომ პური მათ უბანშიც გაიყიდოს. ამიტომ, ვგეგმავთ, გავფართოვდეთ და დედაქალაქი მთლიანად ავითვისოთ”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, მსოფლიოში ხორბლის 27 სახეობა არსებობს, აქედან 14 – მხოლოდ ქართულ მიწაზე მოდის. სწორედ ამ 14 ჯიშიდან ერთ-ერთით იწარმოება ”მზეთამზეს” პროდუქცია – ეს არის წითელი დოლის პური, რომელიც განსხვავებულია თავისი გემოვნური თვისებებით.
როგორც ჩავლეშვილი ამბობს, ”მზეთამზეს” პური გარდა განსხვავებული გემოვნური თვისებებისა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა – მაგალითად, ამაღლებს იმუნიტეტს. ”ამასთან, პროდუქციას იმ ტრადიციული მეთოდებით ვაცხობთ, რომლებსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. ანუ ”მზეთამზეს” პური ცხვება ე.წ ხაშზე, ანუ მჟავე ცომზე”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, ”მზეთამზეს” პური ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა. ამ ეტაპზე კომპანია 9 სახეობის პურს აწარმოებს. ამასთან, ”მზეთამზე” ცოტა ხნის წინ #გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებას შეუერთდა. ღონისძიებას ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად, წელს უკვე მეორედ გამართავენ.