LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიზისი ავიაციაში: საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას მისაღები შემოსავალი 42%-ით შეუმცირდა

80
airplane-mwvane-veli

COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საავიაციო ინდუსტრია დაზარალდა და არსებული შეზღუდვების შედეგად, ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა – ამის შესახებ საუბარია ფისკალური რისკების ანალიზის    დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წლის მარტიდან „საქაერონავიგაციაში” ფრენების 89%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. Eurocontrol-ის  წევრ ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ავიაკომპანიებისთვის საჰაერნაოსნო მომსახურების გადასახდელების გადავადების გამო, შპს „საქაერონავიგაციის“ ფაქტობრივად ვეღარ იღებს შემოსავალს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, კომპანია ბანკისგან 10 მილიონი ევროს მოცულობის სესხს მიიღებს. EBRD-მა სესხი ოფიციალურად დაამტკიცა (23/07/2020) და მისი მიზანი სახელმწიფო კომპანიისთვის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გავლენის შემცირება, დროებითი შოკის გადალახვა და ლიკვიდურობის შენარჩუნებაა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა სესხი COVID-19 სოლიდარობის პაკეტის ფარგლებში არსებული სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროგრამის (VISP) შესაბამისად გამოყო. სესხის მომსახურებას „საქაერონავიგაცია“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.

პანდემიის გამო, რეგულარული სამგზავრო ფრენების ეტაპობრივმა, მიმდინარე წლის 21 მარტიდან კი სრულად შეწყვეტამ, “საქაერონავიგაციის” მსგავსად, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც” დააზარალა. კომპანიის ამონაგების უდიდესი ნაწილი დამოკიდებულია რეგულარულ სამგზავრო ფრენებზე, შესაბამისად კომპანიას მოუწია 2020 წლის ბიზნესგეგმის დაკორექტირება. საწყისი ბიზნესგეგმის მიხედვით შემოსავალი 81,170,274 ლარი იყო, ხოლო დაკორექტირებულ ბიზნესგეგმაში ეს რიცხვი 34,297,655 ლარს შეადგენს, რაც 42%-იან შემცირებას წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები