LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვერცხის სკანდალი ევროპაში: არის თუ არა საქართველოში კვერცხი უსაფრთხო?

ევროპაში კვერცხის სკანდალია, თუმცა საქართველოში წარმოებული კვერცხი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. მიზეზი კი, როგორც აღმოჩნდა, ის არის, რომ ის ნივთიერებები, რითაც ევროპული კვერცხი მოიწამლა, საქართევლოში საერთოდ არ შემოდის და მეორე, ქართულ ბაზარზე არც ევროპული კვერცხი არ იყიდება და ზოგადად კვერცხის საქართველოში იმპორტი ძალიან დაბალია, ისიც უკრაინიდან. 

ამის შესახებ “ფორტუნასთან“ საუბრისას  სურსათის უვნებლობის სამსახურში განაცხადეს.

ჰოლანდიური ფირმის წარმოებული 700 000 კვერცხიდან 21 000 მოწამლული იყო. ამ მიზეზით ბრიტანეთის სუპერმარკეტებიდან კვერცხის შემცველი 11 სახეობის პროდუქტი უკვე ამოიღეს, მათ შორის სენდვიჩები და სალათები.

ბრიტანეთის სურსათის სადაზვერვო სამსახურის თქმით, კვერცხში  Fipronil-ის კვალი იქნა აღმოჩენილი, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. ჰოლანდიის პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, მომწამლავ ნივთიერებას Fipronil-ს იყენებდნენ. აღნიშნული ნივთიერების საკვებთან შენახვა კატეგორიულად დაუშვებელია.

ამ ფონზე ბელგიის, დანიის, ჰოლანდიისა და გერმანიის სუპერმარკეტებში მილიონობით კვერცხი გაიყიდა. ამ სიაში რუმინეთი და ლუქსემბურგიც შედის.

საქართველოს მოსახლეობა წლიურად დაახლოებით 550 მლნ ცალ სასურსათო კვერცხს მოიხმარს. სურსათის უვნებლობის სამსახურის ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის მწარმოებელ-დისტრიბუტორი ბიზნესოპერატორების, მათ შორის, მეფრინველეობის ფერმებისა და კვერცხის მწარმოებლების, შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მიმდინარე წელს, მეფრინველეობის ფერმებსა და კვერცხის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან 81 შემოწმება (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) ჩატარდა.

როგორც სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გია მიქაძემ „ფორტუნას“ განუცხადა, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იყო კვერცხის 60 ნიმუში, საიდანაც დარღვევა არც ერთში გამოვლინდა.

უწყებაში მონიტორინგის შედეგად ნიმუშებს ყოველწლიურად იკვლევენ. მიქაძის თქმით, საქართველოში კვერცხის იმპორტი დაახლოებით 10-15%-ს შეადგენს და იმპორტიორი ქვეყანა, ძირითადად, უკრაინაა.


„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, სადაც ახლა კვერცხის კრიზისია, საქართველოში კვერცხის ექსპორტი არ ხდება!“
– განაცხადა გია მიქაძემ.

კვერცხის მწარმოებელ ქართულ კომპანიებში კი აცხადებენ, რომ მოწამლული კვერცხი არც ადრე და არც ახლა არ ჰქონიათ. რაც შეეხება კვერცხის უცხო ქვეყნიდან იმპორტს, კომპანია „კოდაში“ ამბობენ, რომ სააღდგომოდ უკრაინიდან მთლიანი რაოდენობის 0.5% კვერცხი შემოვიდა, რაც რაოდენობრივად, დაახლოებით, 300 000-ია, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, არც უკრაინაში წარმოებული კვერცხი იყო მომხმარებლისთვის მიუღებელი. კომპანიაში „დილის პროდუქტები“ მხოლოდ სააღდგომოდ ჩამოიტანეს 7000 ყუთი უკრაინული კვერცხი და, როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებლებს უკმაყოფილება არ გამოუხატავთ.

თათია კაკიაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები