სომხეთის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სამიზნე ობიექტად ქცევა, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც – ამის შესახებ ნავთობკომპანია „სოკარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმადოვმა განაცხადა.
როგორც აზერბაიჯანულ მედიას ახმადოვმა განუცხადა, ნავთობსადენი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
მან ასევე გაიხსენა მიმდინარე წლის ზაფხულში, სომხეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმა ნავთობკომპანიაზე და აღნიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი პირდაპირი საფრთხეა გაზსადენების უსაფრთხოებისთვის, აზერბაიჯანის არმიის მოვალეობა კი ამ ინფრასტრუქტურის დაცვაა.
როგორც გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჰიკმეთ ჯაჰიევმა ტვიტერზე დაწერა, სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს კასეტური რაკეტა ესროლა, თუმცა ნავთობსადენი არ დაშავებულა.
გავრცელებულ განცხადებას სიცრუე უწოდა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ და თავდასხმის მცდელობა უარყო.