LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასეთ საოცარ ადამიანებზე დგას ეს სამყარო” – ქართველმა ექიმებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 12 დღის ჩვილი გადაარჩინეს

654
BeFunky-collage (4)

ქართველმა ექიმებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 12 დღის ჩვილი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ქეთევან ბაკარაძე წერს, ჩვილს თანდაყოლილი ანომალია აღმოაჩნდა და ის უმძიმეს მდგომარეობაში, თანმხლები პირების გარეშე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ექიმობა რომ ყველაზე ჰუმანური პროფესიაა და რეალურად ერთეულთა ხვედრია, ჩემი ყოველდღიური რუტინა ამ აქსიომას მიმყარებს, თუმცა არის პროფესიონალიზმსა და ვალდებულებაზე გაცილებით მეტი, რასაც ღვთისნიერება და კეთილშობილება ჰქვია, ასეთ საოცარ ადამიანებზე დგას ეს სამყარო… ოკუპირებული აფხაზეთიდან 12 დღის პატარას, რომელსაც თანდაყოლილი ანომალია აღმოაჩნდა და უმძიმეს მდგომარეობაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდა. სხვადასხვა გარემოებების გამო პატარა პაციენტი მარტო, მშობლებისა და თანმხლები პირის გარეშე უნდა წამოგვეყვანა.

ეს უდიდესი პასუხისმგებლობა პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, ჩვენთან ერთად უყოყმანოდ გაიზიარა ბატონმა ივანე ჩხაიძემ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა. ურთულესი ოპერაცია ჩაატარა ბრწყინვალე ქირურგმა, ბატონმა ზვიად ბულისკერიამ და უკვე პოსტოპერაციული პერიოდიდან გაწერამდე  ჩვენი ბიჭუნა განუმეორებელი ნინო სოლომონიას აქტიური პატრონაჟის ქვეშ გადავიდა, რომელმაც უდიდესი ენერგია და სიყვარული ჩააქსოვა, რომ სამკვირიანი ბრძოლა გამარჯვებით დასრულებულიყო და ასეც დასრულდა: დღეს გამოჯანმრთელებული პატარა მშობლებს დაუბრუნდა, რომლებიც უსაზღვროდ ემადლიერებიან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, ქართულ ჯანდაცვას და ამ საოცარ და მართლაც ღვთისნიერ ექიმებს; ივანე ჩხაიძე, ზვიად ბულისკერია, ნინო სოლომონია, მადლობას გიხდით და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. ეს არის ქართული მედიცინის მორიგი წარმატება და კიდევ ერთი ნაჩუქარი სიცოცხლე“, – წერს ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში.

 

https://www.facebook.com/ketevanbakaradzeofficial/posts/642537359787137

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები