LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

122
dinamo arena

8 ოქტომბერს თბილისის „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ვერ მივცემთ რეკომენდაციას, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩს მაყურებელი დაესწროს: ამირან გამყრელიძე

„5 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველო-ბელარუსს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა.

მოგეხსენებათ, რომ უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით უეფა-ს ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ.

თბილისის „დინამო არენას“ ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30 პროცენტიც კი, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს. როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე“, – ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ოქტომბერს 20:00 საათზე თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართება.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის“ პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებს, ამ ისტორიული შეხვედრისას სახლიდან უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ“, – განმარტავენ ფედერაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები