ჯაჭვებდაწყვეტილი საქანელები, დამტვრეული, ბასრპირიანი პლასტმასის ჩამოსასრიალებელი, მორყეული ძელები და ბეტონის საფარი – ადგილი, სადაც ბავშვები, გართობის ნაცვლად, შესაძლოა, დაშავდნენ. ეს თბილისის გასართობი სკვერებია.
„ფორტუნამ“ ქალაქის რამდენიმე უბანში გასართობი პარკები გადაიღო, სადაც კარგად ჩანს, რომ სკვერებში საბავშვო ატრაქციონების დიდი ნაწილი ამორტიზებულია და საფრთხის შემცველია. სკვერების ნაწილში არ არის წყალი და პანდუსი. სივრცე, რომელიც ზაფხულის სიცხეში ქალაქში დარჩენილი ბავშვებისთვის ერთადერთი გასართობი ადგილია, ლუდის ქილებით და ძაღლის ფეკალიებით არის სავსე.
„უბნის ორივე სკვერი არჩევნების დროს გაკეთდა, თუმცა არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში სკვერს არავინ აღარ პატრონობს, იმტვრევა საქანელები, აიყარა მიწაზე დაგებული უსაფრთხო საფარი, დარჩა შიშველი ბეტონი, რომელზე დაცემის გამო, მუდმივად იზიანებს ხელებს და მუხლებს. მარტო, რა თქმა უნდა, არ ვუშვებ ბავშვებს, მეშინია სერიოზული ტრავმა არ მიიღოს,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ერთ-ერთი მშობელი.
ქალაქის მასშტაბით არსებული საბავშვო გასართობი სკვერების მოვლა-პატრონობა „თბილსერვისსა“ და გამგეობებს შორის არის გადანაწილებული. „თბილსერვისის“ ბალანსზე ქალაქის 10 დიდი პარკია, მათ შორის „მზიური“, ვერის, ვაკის და კიკვიძის პარკები.
როგორც „ფორტუნამ“ გაარკვია, „თბილსერვისს“ პარკები მოვლა-პატრონობისთვის 2016 წლის მაისში გადაეცა. კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილის, დავით დოლიძის, ინფორმაციით , არსებულ ძველ საქანელებზე ისინი არ აგებენ პასუხს.
„თბილსერვისს“ პარკები მაისში გადაეცა, 2016 წლის ბიუჯეტში რეაბილიტაციის თანხები არ იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო . საბავშვო საქანელების განახლების პროცესი პარკებში უკვე ერთი თვეა, აქტიურად მიმდინარეობს, ახალი საქანელები უსაფრთხოების ყველა ნორმას დააკმაყოფილებს და სათამაშო მოედნები კაუჩუკის დარბილებული ზედაპირით იქნება მოპირკეთებული, დაზიანებული საქანელები მთლიანად გამოიცვლება, შეკეთდება ან შეიცვლება სავარჯიშო ტრენაჟორებიც. პროცესი აგვისტოს ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება,“ – აცხადებს დავით დოლიძე.
ქალაქის დიდი პარკებისგან გაცილებით რთული ვითარებაა უბნის სკვერებში. აქ კიდევ ერთი პრობლემა სკვერში ალკოჰოლის მოხმარებაა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული წესით ისჯება ალკოჰოლური სასმელების სმა სტადიონზე, სკვერში და ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. კანონდარღვევა პირველ შემთხვევაში 50 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში 150-500 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიუხედავად კანონით აკრძალვისა, გასართობ სკვერებში ალკოჰოლის მოხმარება მაინც ხდება.
ეკა ნარჩემაშვილს გასართობი სკვერი საცხოვრებელი კორპუსის ეზოშივე აქვს, თუმცა მისი 6 და 2 წლის შვილები ძირითადად სახლში თამაშობენ.
„უბნის სკვერი, ძირითადად, ლოთების თავშეყრის ადგილად არის ქცეული და ბავშვები საერთოდ აღარ ჩამყავს. ვხედავ, მეეზოვეები ყოველ დილით ალაგებენ, მაგრამ ქვიშა მთლიანად სიგარეტის ნამწვავებითაა სავსე, დღის განმავლობაში ლუდის და არყის ბოთლებითაც ივსება. რაც შეეხება საქანელებს, არ ვიცი, არსებობს თუ არა რაიმე სტანდარტი, მაგრამ ერთი შეხედვითაც ეტყობა, საქანელები იმდენად ძველია, დამცავი მექანიზმების გარეშე დიდი შანსია, ბავშვმა რაიმე მოიტეხოს,“ – უყვება ეკა ნარჩემაშვილი „ფორტუნას“
საბავშვო გასართობ მოედნებზე ალკოჰოლის მოხმარების ფაქტთან დაკავშირებით „ფორტუნას“ საპატრულო პოლიციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სკვერების და პარკების შემოვლა საპატრულო პოლიციის ფუნქციებში არ შედის და რეაგირება მოსახლეობის გამოძახების ან პატრულის მიერ სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება.
უბნის სკვერებსა და გასართობ მოედნებზე მეთვალყურეობა რაიონის გამგეობებს ფუნქციებში შედის.
როგორც „ფორტუნას“ ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, დაზიანებული საქანელების შესახებ ინფორმაციას გამგეობის საუბნო სამსახურების, მონიტორინგისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომლებისგან იღებენ, რეაგირება ხდება მოსახლეობის მიმართვის საფუძველზეც.
„სკვერებში საბავშვო ატრაქციონები სკვერის რეაბილიტაციის დროს იცვლება და, თუ ატრაქციონი იმდენად დაზიანებულია, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, საშიში და საფრთხის შემცველია, ხდება მისი დემონტაჟი. თუ იმ დროისთვის ბიუჯეტში არ არის ახალი ატრაქციონის დამონტაჟების თანხა, ასეთი მისამართები შემდეგი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული,“ – განმარტეს გამგეობაში.
გასართობი მოედნები რომლებიც „ფორტუნამ“ გადაიღო მოსახლეობის თქმით რამდენიმე თვეა დაზიანებულია. საფრთხის შემცველი საქანელები დღემდე ადგილზეა და ყველა ზემოთჩამოთვლილი უწყების რეაგირებას ელოდება.
თამუნა გოგუაძე