თოჯინები – სხვადასხვა ფერის ტანსაცმლით, უამრავი რბილი სათამაშო – ცხოველების თუ სხვა ფორმის, მანქანები – ესაც ყველანაირი სახის, ზღაპრების, ფილმების გმირები, კონსტრუქტორები, ფაზლები და კიდევ უამრავი ფორმის, ფერის და სახის სათამაშო აწყვია მაღაზიების დახლებზე. მნიშვნელობა არა აქვს, იაფფასიანია ეს მაღაზია, ძვირადღირებული, ბრენდირებული თუ უბრალოდ, ბაზრობის დახლებზე იყიდება, სათამაშოების არჩევანი ყველგან დიდია. თუმცა, ეს სათამაშოები რამდენად უსაფრთხოა და რომელია ხარისხიანი, ძნელი გასარჩევია. შეიძლება, ითქვას, რომ შეუძლებელიც.
ბრენდირებულ და ძვირადღირებულ მაღაზიებში ირწმუნებიან, რომ მათ მხოლოდ ხარისხიანი სათამაშოები აქვთ, ბაზრობებზე კი დამაჯერებლობისთვის იმასაც კი ამატებენ, რომ ამით მათი შვილები თამაშობენ. არადა, ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სათამაშოები ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს.
კვლევებიდან დადგინდა, რომ ცნობილ ბრენდმაღაზიებში ნაყიდი სათამაშოების უმეტესობაში დი-2 ეთილჰექსილფტალატი (DEHP) აღმოჩნდა, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანოა.
როგორც პედიატრები აღნიშნავენ, მომწამვლელ სათამაშოებში სხვადასხვა ნივთიერებები უფრო მაღალი კონცენტრაციით ფიქსირდება. განსაკუთრებით კი პლასტმასის სათამაშოებშია გამოყენებული დამარბილებელი და ელასტიურობის მიმცემი დანამატები, რომლებიც ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მათი თქმით, ამ შემთხვევაშიც საუბარია არა მწვავე, არამედ ქრონიკული მოწამვლის საშიშროებაზე.
მედიკოსები თანხმდებიან, რომ მკურნალობის ეფექტი დამოკიდებულია სწორ დიაგნოსტიკაზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სისტემური ლაბორატორიული კონტროლი და იმ მიზეზების დადგენა, თუ რამ მიიყვანა ბავშვი ამა თუ იმ მდგომარეობამდე.
ამ კვლევის საფუძველზე, წესით, გაყიდვიდან აღნიშნული სათამაშოებიც უნდა ამოეღოთ და კონტროლიც დაწყებული, რომ სათამაშოები ნამდვილად უსაფრთხო იყოს და რაც მთავარია, ხარისხზე პასუხისმგებელი ორგანოებიც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.
გამყიდველები ირწმუნებიან, რომ ასეთი სათამაშოები აღარ შემოაქვთ, მაგრამ ეს სიმართლე რომც იყოს, სად წავიდა არსებული, არავინ იცის, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ისინი დახლებიდან და საწყობებიდან არ აულაგებიათ და ბავშვები ისევ მომწამლავი სათამაშოებით ერთობიან.
„ფორტუნას“ რამდენიმე ადგილას ისიც კი უთხრეს, რომ, თურმე, სათამაშოები ახლა არა ჩინეთიდან, არამედ დუბაიდან შემოაქვთ. თუმცა, თავისთავად ქვეყნის დასახელება პრობლემას არ წყვეტს, რადგან შესაძლოა, ყველა ჩინური სათამაშოც არ იყოს მომწამლავი და არც დუბაიში წარმოებაა მაინცდამაინც უსაფრთხოების გარანტია, თუკი არ იქნება შესაბამისი კონტროლის საფუძველზე გაცემული დასკვნა, რაც სათამაშოების ეტიკეტსა და ინსტრუქციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული.
ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოების უმეტესობაზე კი არც მწარმოებელია მითითებული და მით უმეტეს, არც ხარისხის გარანტია და მასზე პასუხისმგებელი. არ არსებობს ასევე რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება, გავარჩიოთ ხარისხიანი და უხარისხო სათამაშო, რადგან ხშირ შემთხვევაში ეტიკეტიც გაყალბებულია.
როგორც „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში“ აცხადებენ, ევროპულ ქვეყნებში საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოების ნორმები მკაცრად დაცულია და დარღვევის შემთხვევაში, სავაჭრო ობიექტებისთვის სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის სანქციები და ჯარიმებია დაწესებული.
საქართევლოში კი, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა საგანგაშო სურათი აჩვენა, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.
„იმის მიუხედავად, რომ კვლევის შედეგად აღმოჩენილია ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები, უამრავ სავაჭრო ობიექტსა და ბრენდულ მაღაზიებში სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი მაინც ვერ ხერხდება. ამისთვის ჯერჯერობით არ არსებობს შესაბამისი ზედამხედველობის სამსახური, რომელიც გააკონტროლებს სიცოცხლისთვის საშიში პროდუქციის, ამ შემთხვევაში საბავშვო სათამაშოების შემოტანასა და მის რეალიზაციას საქართველოში,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლია თოდუა.
ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეყანაში უსაფრთხო და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი მოქმედებს, რომელიც მეწარმის ვალდებულებებს განსაზღვრავს.
მიუხედავად „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსში არსებული ჩანაწერისა, რომ „მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე განავითაროს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი“, შემდეგ ვინ აკონტროლებს ამას, ეს კოდექსში უკვე აღარ არის განსაზღვრული.
თოდუას თქმით, გარდა „პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოების დირექტივისა“, არსებობს უშუალოდ სათამაშოებთან დაკავშირებული დირექტივა, რომელიც საქართველოში 2019 წლის სექტემბრამდე უნდა ამოქმედდეს.
„ამ დირექტივით დაწესებულია კონკრეტული მოთხოვნებია, რომ სათამაშოს ჰქონდეს EC ნიშანი, შესაბამისობის დეკლარაცია, რომ ის ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. დირექტივის მიხედვით, სათამაშოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინსტრუქცია, ასევე ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ. ის არ უნდა იწვევდეს გაგუდვას, ასფიქსიას. არ უნდა იყოს აალებადი. ქიმიურ მოთხოვნებში გაწერილია, რა შეიძლება და რა არ შეიძლება იყოს გამოყენებული. ეს საჭირო ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი სათამაშოების უმეტეს ნაწილს არ გააჩნია,“ – ამბობს თოდუა.
ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ ,რომ საქართველოს ბაზარზე სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქციის ზედამხედველობის ფუნქციების გადანაწილება უნდა მოხდეს.
„მთავრობის დადგენილებით უკვე დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, რომელიც გარდა სხვა პროდუქტების კონტროლისა, ასევე საქართველოში სათამაშოებზე ზედამხედველობასაც ითვალისწინებს. აღნიშნული დირექტივის შესრულება ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით ევალება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს,“ – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, ნათია ნოღაიდელი.
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, რომელიც საქართველოში შემოტანილ სათამაშოებზე ამჟამად არანაირ ზედამხედველობას არ ახორციელებს, რადგან სააგენტოს ამ ვალდებულებას კანონი არ აკისრებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი ჩიტაძის, თქმით, რადგან დღესდღეობით სახელმწიფო შეზღუდულია კანონმდებლობით, შესაბამისად სათამაშოებზე ვერანაირი კონტროლი ვერ ხორციელდება.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში უახლოესი 1 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, თუმცა სანამ აღნიშნული რეგულაციები ამოქმედდება, მომხმარებელს ის უფლება რჩება, გააკეთოს არჩევანი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოს შეძენა-არშეძენაზე, ან ენდოს ხარისხის შესახებ სათამაშოზე დატანილ შესაბამის ინფორმაციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რედ: ფოტოები არის არქივიდან არ ნიშნავს, რომ კონკრეტულად ეს სათამაშოებია საშიში
ელენე ლომაშვილი