LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 ოპოზიციური პარტია სტრასბურგში შეხვედრის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს

90

ვენეციის კომისიის წინადადება ხელისუფლებაზე ზეწოლის სერიოზული შანსია, რათა მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა შეჩერდეს – განცხადებას ცხრა პარტიის სახელით, პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, უახლოეს დღეებში ცხრა ოპოზიციური პარტია დაიწყებს კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა 6 სექტემბრის შეხვედრის დღის წესრიგი და ფორმატი მომზადდეს.

“ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს ვიზიტის შემდეგ, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ხისტმა განცხადებებმა დიალოგის დაწყების პერსპექტივა ჩიხში შეიყვანა. სახელდობრ, მმართველი პარტიის ერთი ჯგუფი მიუთითებდა, რომ დიალოგის ფორმატში შეიძლება განხილულიყო მხოლოდ III მოსმენისთვის განკუთვნილი ტექნიკური და რედაქციული საკითხები, რაც რეალურად ამგვარ კონსულტაციებს ყოველგვარ აზრს უკარგავდა.

25 ივლისს, ვენეციის კომისიაში 9 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის მიმართვა გაიგზავნა (“თავისუფალი საქართველო“, “ახალი მემარჯვენეები“, “ლეიბორისტული პარტია“, “ევროპელი დემოკრატები“, “თავისუფლება“, “ეროვნული ფორუმი“, “ახალი საქართველო“, “ტრადიციონალისტები“, “ვეტერანთა პარტია“). არასაპარლამენტო ოპოზიციამ ვენეციის კომისიას გააცნო კონსტიტუციური რეფორმის პროცესში შექმნილი ვითარება და მიმართა წინადადებით, სწორედ ვენეციის კომისიას ეკისრა შუამავლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესში.

31 ივლისს 9 არასაპარლამენტო პარტიამ მიიღო პასუხი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის – ჯანი ბუკიკიოს ხელმოწერით, რომელის მიხედვითაც, ვენეციის კომისია მზად არის გაუწიოს ორგანიზება საქართველოს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრას 6 სექტემბერს, სტრასბურგში. როგორც წერილშია აღნიშნული, მას ამ საკითხზე წინასწარი კონსულტაციები ჰქონდა აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც.

არასაპარლამენტო პარტიები მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიის წინადადება არის სერიოზული შანსი ხელისუფლებაზე ზეწოლისა, რათა შეჩერდეს მე-2 მოსმენით მიღებული პროექტის განხილვა და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები კონსტიტუციური რეფორმის უკლებლივ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის არის საარჩევნო სისტემა, ბლოკების რეგისტრაცია, საარჩევნო ბარიერი, პრეზიდენტის არჩევის წესი და სხვა.

ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილი არ შეუერთდა ამ მიმართვას, რომლებმაც კონსტიტუციურ რეფორმაზე კონსულტაციების წარმოება და კომპრომისის ძიება ამ ეტაპზე მიუღებლად მიიჩნიეს.

9 ოპოზიციური პარტია უახლოეს დღეებში დაიწყებს კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მომზადდეს 6 სექტემბრის შეხვედრის დღის წესრიგი და ფორმატი”, – ნათქვამია პარტიათა განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები