102 წლის რალფი და 100 წლის დოროთი მაშინ დაქორწინდნენ, როცა ჯერ კიდევ ძალიან პატარები იყვნენ. ნებრასკელ თინეიჯერებს ნამდვილი ბრძოლა დასჭირდათ იმისთვის, რომ ეპოვათ ადამიანი ვინც მათ შეუღლებას თავის თავზე აიღებდა. ბევრი ძებნის შემდეგ გამოჩნდა მოსამართლე, რომელიც 17 და 16 წლის მოზარდების დაქორწინებას დათანხმდა.
„ყველა იმას გვეუბნებოდა, რომ ძალიან ვჩქარობდით და ერთად დიდ ხანს ვერ გავძლებდით. თუმცა, ჩვენ ეს შევძელით.“ – უთხრა რალფმა გამოცემა Ledbible–ს.
წყვილი 1935 წლის სექტემბერში დაქორწინდა და ცერემონიას ორივეს დედები ესწრებოდნენ, მოსამართლემ ნებართვა მათგან აიღო.
აშშ–ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში არსებული წყვილებიდან ქორწინების 50 წლის იუბილემდე მხოლოდ 6% თუ აღწევს.
რა გახდა დოროთის და რალფის ბედნიერების საიდუმლო?
როგორც რალფი ამბობს ხანგრძლივი ქორწინების გასაღები, კონფლიქტების მოგვარებაშია: „როცა რამე პრობლემა გვაქვს, დოროთის ყველაფერში ვეთანხმები. კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო გზა სწორედ ესაა.“
გარდა ამისა, რალფი თვლის რომ მათ ცხოვრებაზე მავნე ჩვევების არქონამაც დიდი გავლენა იქონია. ისინი ალკოჰოლზე, სიგარეტზე თუ სხვა უფრო სერიოზულ ნივთიერებებზე ყოველთვის უარს ამბობდნენ და 100 წელს ამ ფაქტის დამსახურებით მიაღწიეს.
„მე მზარეულობა მომწონდა, რალფს კი ჩემი მომზადებული კერძების მირთმევა უყვარდა, ჩვენ მსგავსი მოთხოვნები გქვონდა და თუკი რამეში ვერ ვეთანხმდებოდით ერთმანეთს, პატივისცემას ვიჩენდით“, – დაამატა დოროთიმ.
წყვილმა სამი შვილი გააჩინა და ისინი ამერიკის სხვადასხვა შტატში ცხოვრობენ.
60 წლის იუბილეზე მოხუცებმა მეორე ქორწილი გადაიხადეს და ერთმანეთს ფიცი კიდევ ერთხელ მისცეს. 90 წლის ასაკში კი მათ საცხოვრებელი შეიცვალეს, კალიფორნიაში გადაბარგდნენ და ახალი ცხოვრება დაიწყეს.