LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედაგოგები ვინც აჭარაში ისვენებდნენ, ყველა გაიტესტება: სია მზად არის

189
95850940-3198103436875967-7566953990039011328-o

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი, დიდი სადღესასწაულო კლასტერს უკავშირდება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საყურადღებო და დაძაბული სიტუაციაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადაც ენგურჰესის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდგინდათ.

“ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურებული ინფიცირების 87  შემთხვევა პიკური მაჩვენებელია. ეს ორ ფაქტორს უკავშირდება: მობილობის ზრდას და მეორე სამასპინძლო კლასტერებს. რეგულაციების დაუცველობით მოხდა ეს შედეგები. ბათუმში 60-დან 80-მდე ადამიანის დაინფიცირება მოხდა, მეორე დიდი სადღესასწაულო ე.წ. გურიის კლასტერი იყო, მაგრამ ის დროზე შევაჩერეთ. ასეთივე იყო ქუთაისის კლასტერი, ასევე ცაგერის კლასტერი. სამწუხაროდ, დაგვეძაბა სიტუაცია ზუგდიდში. ენგურჰესზე მომუშავე პირების დაინფიცირებას ვგულისხმობ. ქუთაისში სკოლის მასწავლებლის დაინფიცირება და ხაზს ვუსვამ ყველა ეს დაკავშირებუილი იყო იმ დიდ სადღესასწაულო კლასტერთან. ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც ჩვენ მთავრობას ვაძლევთ რეკომენდაციებს. პანდემიის დროს თავი უნდა შევიკავოთ  დიდი ქორწილებისგან, ტრადიციული ღონისძიებებისგან, ეს არის მომატებული რისკის ფაქტორი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილება სწავლის 2 კვირით გადადებასთან დაკავშირებით, სწორი იყო და მიიჩნევს, რომ თუ რეკომენდაციები სწორად შესრულდება, საქართველო “ოაზისის” სტატუსს შეინარჩუნებს. გამყრელიძის ინფორმაციით, 2 000-ზე მეტი პედაგოგი ისვენებდა აჭარის ზღვისპირა კურორტზე, რაც ერთ-ერთი რისკფაქტორია სწავლის დაწყების პერიოდში, ამიტომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პედაგოგების სია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უკვე გადაეცათ და დღეიდან მათი პისიარ ტესტირება დაიწყება.

“პოზიტივი არის ის, რომ ეს არის მხოლოდ კლასტერული. თუ ერთობლივად ამ კლასტერებს მოვუვლით და ხელს შევუშლით მის გავრცელებას, ჩვენ დროულად შევაკავებთ ვირუსს. სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. 2 100-მდე მასწავლებელი იმყოფებოდა აჭარის ზღვის სანაპიროზე, ყველა აღრიცხული გვყავს, მათ დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაციები.  ყველა მუნიციპალიტეტის ჯანდაცვას აქვს ეს სიები. ყველა მათი ტესტირება დაიწყება დღეს და გაგრძელდება მომდევნო დღეებში”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, შემუშავებულია სტრატეგია 45 000 მასწავლებლის ლაბორატორიულად გამოკვლევის შესახებ. იგივე სახის გამოკვლევა იგეგმება ქვეყანაში დიდ დამსაქმებლებთან მიმართებაშიც. გამყრელიძის განცხადებით, “დიდი კვლევის” შედეგები 3-4 დღეში გახდება ცნობილი. მისივე განმარტებით ამ დროისათვის 1 200 ნიმუშია აღებული.

გამყრელიძე მოსახლეობას მინიმალური და აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

“ჩვენი იარაღი ეს არის. ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები და როგორც დღეს ოაზისად გამოვიყურებით, ეს სტატუსი შევინარჩუნოთ” – ამირან გამყრელიძე.