მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე დაზარალებული, ერთ-ერთი მოწმე გიორგი ქათამაძე დაიკითხა.
როგორც დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ქათამაძის ადვოკატმა ერმილე ჭეიშვილმა განუცხადა, საქმე ეხებოდა ქათამაძის მიერ კონკრეტული პირების იდენტიფიცირებას,რომელიც მან ვერ შეძლო , გამომდინარე იქიდან, რომ ხიდზე მომხდარი პირველი ინცინდენტის შემდეგ გაითიშა.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელ 6 პირს ბრალი დაუზუსტდეს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ქათამაძეს არავისთან კონფლიქტი იმ საღამოს არ ჰქონია და ჩვენებაში წარმოდგენილის იდენტური ჩვენება მისცა.
“როგორც უკვე გითხარით, თავადაც იმალებოდა კონფლიქტის შემდეგ. ვერ გეტყვით, ვის დაურეკა საბურთალოელებიდან. რამდენიმე ზარი აქვს განხორციელებული თავის ახლობლებთან, რათა დახმარებოდნენ. ქათამაძეს არავისთვის ტელეფონის ნომერი არ გამოურთმევია. ქათამაძემ მიაწოდა თავისი ნომერი. მას მიაკითხეს მეგობრებმა და დატოვა მაგისტრალი მათთან ერთად, გადავიდა საავადმყოფოში. ადამიანს მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული და ამ საკითხების აღქმა და დამახსოვრება მისთვის რთული იყო. დაზიანებებთან დაკავშირებით მე პირადად მივაწოდე დამატებით გამოძიებას ის დოკუმენტაცია, რაც მოვიპოვე. სამწუხაროდ, ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ვერ გეტყვით დამძიმდება თუ არა იმ 6 პირის ბრალი. არ გამოვრიცხავ რომ ბრალის დაზუსტება მოხდეს. ჩვენი ვარაუდით დაზიანებები უნდა იყოს მძიმე, რადგან ის მას სახზე დღესაც ეტყობა“, – განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.