LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა, რომელსაც საქართველოში არსებობის ყველაზე დიდი ისტორია გააჩნია – პრობლემების წინაშეა

211
inter1

რა პრობლემების წინაშე დგას “წმ მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო”, რომელსაც საქართველოში არსებობის ყველაზე დიდი ისტორია გააჩნია.

“წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალ პროფილიანი კლინიკური საავადმყოფო” მოიცავს ყოფილი “მიხაილოვისა” და #2 მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ნაზავს. 2010 წლიდან კლინიკა განაგრძობს ფუნქციონირებას ახალ მისამართზე ლუბლიანას ქ. #18-ში. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მუშაობს, ბოლო წლების განმავლობაში რიგი პრობლემები შეექმნა.

ინტერვიუ დამფუძნებელ ქართლოს დიასამიძესთან:

– რამდენი წელია, რაც ამ კლინიკას ხელმძღვანელობთ, როგორ მოხვდით ამ ბიზნესში და რა შეიძლება გვითხრათ არსებული პრობლემების შესახებ?

პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ 2010 წელს, როდესაც იგეგმებოდა ყოფილი “მიხაილოვისა” და #2 მრავალპროფილიანი კლინიკების ფართების გასხვისება, სახელმწიფოს მიერ მოძიებულ იქნა ალტერნატიული ფართი, ფუნქციონირების გასაგრძელებლად, აგრეთვე, იძებნებოდა ინვესტორი. არსებულ სიტუაციაში გადავწყვიტე, სრულად ამეღო პასუხისმგებლობა ამ პროექტის განხორციელებაზე, რაც კონკრეტულად გულისხმობდა: სახელმწიფოს მიერ ახალი შენობის გამოსყიდვას( 2 000 000$), არსებული კლინიკებიდან მედპერსონალის სრულად გადმოყვანას და ყველა პირობის შექმნას კლინიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირების გასაგრძელებლად. აგრეთვე ვალდებულება, პროფილის შენარჩუნება 7 წლის ვადით, რაც დღემდე სრულდება.

რაც შეეხება პრობლემებს: მოგახსენებთ რომ ჩვენი კლინიკა, ისევე როგორც სხვა თითქმის ყველა, ჩართული ვართ სახელმწიფოს მიერ არსებულ პროგრამაში, რაც გულისხმობს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის 100% იან დაფინანსებას. ამ პროგრამაში ფასები ფიქსირებულია სახელმწიფოს მიერ. 2013-2014 წლიდან, როდესაც დაიწყო ლარის კურსის ინფლაცია, რამაც გამოიწვია მედიკამენტის გაძვირება, კომუნალურის და სხვა რიგი მომსახურების გაძვირება, ფასები კონკრეტულ პროცედურებზე იგივე დარჩა. აქედან დაიწყო პირველი პრობლემები შემოსავლების შემცირებიდან გამომდინარე. აგრეთვე შეუძლებელი გახდა შიდა ინვესტირებიდან კლინიკის განვითარებაზე ზრუნვა.

2020 წლამდე, ახლადგახსნილ კლინიკებს არსებულ პროცედურებზე შეეძლოთ, შეეთავაზებინათ თავისი შეხედულებისამებრ გაზრდილი ფასები, მიუხედავად იმისა, რომ ადრეულად ჩართულ ძველი კლინიკებისთვის ფასები უცვლელი რჩებოდა, რამაც გამოიწვია კლინიკიდან რამდენიმე წამყვანი სპეციალისტის წასვლა.

2020 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადახედილ იქნა მომსახურების ფიქსირებული ფასები და გაზრდის ნაცვლად უმეტესობა შენარჩუნდა, ნაწილზე კიდევ დააკლდა ფასები, რამაც იძულებული გაგვხადა კატასტროფულად შეგვემცირებინა ხელფასები. ამას თან ერთვის სახელმწიფოს მიერ 5-6 თვიანი დავალიანების არსებობა, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ხელფასების დავალიანებაზე. ამას კიდევ დაემატა პანდემია, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია.

-რა ცვლილებები განახორციელეთ ამ პერიოდში?

მოგეხსენებათ, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, კლინიკაში მოძიებულ იქნა სესხები და დამატებულ იქნა პროფილები: კარდიოქირურგია, ონკოქირურგია, ონკოლოგია, ანგეოლოგია, დერმატოლოგია, მაგნიტო რეზონანსული აპარატი. ასევე, უკვე შესაძლებელია ცხელი ქიმიის გზით ოპერაციული მკურნალობა, რომელიც ერთადერთია საქართველოში, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის.

-რაში ხედავთ გამოსავალს?

სახელმწიფოს მიერ 100%-ით გადაუდებელი დახმარების დაფინანსება ძალიან დიდი ტვირთია, რისი ფუფუნებაც წამყვან ევროპულ ქვეყნებსაც კი ბევრს არ აქვს. ეკონომიკური კრიზისის გამო, დამატებითი სახსრების მოძიება შეუძლებლად მიმაჩნია. ჩემი აზრით, თუ სახელმწიფოს არ აქვს  იმის რესურსი, რომ ზემოთ აღნიშნული 100% -ით დააფინანსოს, ამ შემთხვევაში სწორად მიმაჩნია პროცენტის შემცირება, ან რაიმე სადაზღვეო სისტემის დაინერგვა, რაც დაეხმარება სახელმწიფოს ამ ტვირთის ზიდვაში.

ინტერვიუს ვებგვერდი metronome.ge ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები