LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონი, რომელიც ოფისებში მომუშავეთა  უფლებებს არ დაიცავს

წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ ისეთი სამუშაო, რომელიც ოთახში  ყოფნას მოითხოვს, ან თუნდაც ოთახის გარეთ, მაგრამ არ ითვლება მძიმე სამუშაოდ, მაგალითად, მშენებლობაზე მუშაობას და სხვა მსგავსი სახის აქტივობებს, რაც არ უნდა დაგემართოთ, კომპანია არც  პასუხისმგებელი  იქნება და არც ვალდებულება ეკისრება, რომ  სამუშაო გარემოს უსაფრთხოება უზრუნველყოს.

მაგალითად, თუ თქვენ ხართ მიმტანი რომელიმე კაფეში და ვიღაც დაუდევარი დაგეჯახათ, წაიქეცით და რაიმე მოიტეხეთ,  კომპანია არათუ არ უზრუნველყოფს თქვენი ჯანმრთელობის კომპენსაციას, არამედ ზარალის ანაზღაურებაც კი,  მის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.  ან თუნდაც,  რომელიმე ოფისში  გიწევთ საბუთების მოწესრიგება და ზიხართ უფანჯრებო ოთახში, რაც, ცხადია, თქვენს ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას ახდენს და ამის გამო, რაიმე გემართებათ, ან მთელი ზამთარი გახველებთ და სურდოს ვერ იშორებთ,  კომპანიის ხელმძღვანელი სულაც არ თვლის ვალდებულად თავს, რომ ან პირობები შეგიქმნათ, ან  სამკურნალოდ, თუნდაც, მცირე დახმარება გაგიწიოთ.

ცხადია, ეს ყველა კომპანიას არ ეხება, მაგრამ  დღეს ყველაფერი დამოკიდებულია  დამსაქმებლის და კომპანიის ხელმძღვანელის კეთილ  ნებაზე.  ეს ეხება მძიმე სამუშაო პირობებსაც.  თუმცა, პარლამენტში დაწყებულია მუშაობა კანონპროექტზე , რომელიც შრომის უსაფრთხოებას არეგულირებს, მაგრამ მხოლოდ  მძიმე  და მავნე სამუშაოს კატეგორიის მქონეთათვის.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის მოქმედების სფერო შეზღუდულია. კანონი სელექციას ახდენს დასაქმებულთა შორის და ის მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულთა უსაფრთხოების უფლებებს დაიცავს. სხვადასხვა კომპანიებსა და დასაქმების ადგილებზე მომუშავე პირთა სამსახურებრივი უსაფრთხოება და უფლებები კი კვლავ დაუცველი რჩება.

ასევე, ახალი კანონპროექტი მიზნად არ ისახავს საჯარო დაწესებულებებსა და მასში დასაქმებული პირების შრომის უფლებების დაცვას. ყოველ შემთხვევაში,  პროექტში ამაზე  არაფერია ნათქვამი.

გარდა ამისა, მთავრობამ უნდა დაადგინოს, თუ რა ითვლება დასაქმებულისთვის განსაკუთრებით საშიშ და მავნე სამუშაო ადგილად.

არასამთავრობო ორგანიზაციებში შიშობენ, რომ შესაძლოა, ამ კანონის ფარგლებში მოქცეული საწარმოების წრე დავიწროვდეს და რეალურად  შრომის უსაფრთხოება დაცული მხოლოდ დასაქმებულთა მცირე ნაწილისთვის იყოს, ისიც ნაწილობრივ.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ამ კანონპროექტით პრობლემურია, ესაა სანქციების ადეკვატურობა და ეფექტურობა.

პროექტი  დარღვევის აღმოჩენის პირველ შემთხვევაში, გაფრთხილებას ითვალისწინებს.   დარღვევის განმეორებით დაფიქსირების  შემთხვევაში კი – ფიქსირებულ ფულად ჯარიმას 50 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით.

დადებითი კი არის ის, რომ შრომის ინსპექციას შეეძლება, საწარმოში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდეს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, შრომის ინსპექცია შეამოწმებს მხოლოდ საშიშ და მავნე პირობების მქონე ობიექტებს, თუ აქ  რამდენადაა ტექნიკურად უსაფრთხოების წესები გამართული და დაცული.

შემმოწმებლები  არ დაინტერესდებიან, ირღვევა თუ არა სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ადგილზე. მათი ინტერესის საგანი არც შრომის კანონმდებლობით დადგენილი სხვა საკითხები იქნება.

როგორც „ადამიანის სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა, ლინა ღვინიანიძემ, „ფორტუნას“ უთხრა, კანონპროექტი ადგენს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებსა და წესებს, რაც პოზიტიურია, თუმცა გარდა ამისა, კანონპროექტს ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს.

„თუ კანონის მოქმედების სფერო არ გავრცელდება ყველა დასაქმების ობიექტზე, ეს მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოიტანს. კანონპროექტი არ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულებას და არის სუსტი ამ ნაწილში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სანქციების ოდენობა იმდენად დაბალია, რომ მისი გადახედვისა და გაზრდის გარეშე, კანონი ვერ მიაღწევს მიზანს. კანონის მოქმედების სფეროს ასეთი შეზღუდვა  არაა სწორი. ეს ქვეყნის მასშტაბით ყველა სამუშაო ადგილზე უნდა ვრცელდებოდეს, – ესაა ჩვენი რეკომენდაციაც. თუ ამ კანონის მოქმედება იქნება სრულფასოვანი და  ყველა ობიექტზე გავრცელდება და, თუ ინსპექტირებას მიენიჭება  უპირობო დაშვება, მაშინ იქნება შესაძლებელი რაიმე შედეგზე საუბარი.  გარდა ამისა, სასამართლოს  ნაწილი უნდა ამოვიდეს კანონიდან. სანქციების ოდენობის გადახედვის გარეშე არანაირი მოლოდინი, რომ რაღაც მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ეს კანონპროექტი, არ გვაქვს,“ –  განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.

კანონპროექტთან შენიშვნები აქვთ „პროფესიული გაერთიანების კავშირშიც“.

ნიკა კაკაშვილის განცხადებით, მათი მთავარი შენიშვნაა სწორედ ის, რომ კანონის მოქმედება უნდა ვრცელდებოდეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზეც.

„შრომის ინსპექციას უნდა შეეძლოს აბსოლუტურად ყველგან შესვლა და არა მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველობის განხორციელება, არამედ შრომის კანონმდებლობით დადგენილ სხვა საკითხებზეც უნდა შეეძლოთ რეაგირება. ასეა ევროპის ყველა ქვეყანაში,“ –  განუცხადა კაკაშვილმა „ფორტუნას“.

2011-2016 წლებში სამუშაო ადგილებზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების დროს  270 ადამიანი დაიღუპა და 776 დაშავდა.

კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. ახლა მის დასახვეწად სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობს.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები