თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 3 „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 12 „დონას“ კლასტერიდან, 4 ინფიცირებულის წყარო კი უცნობია. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი და საერთო ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 81%-ს შეადგენს.
„დაგვემატა 28 ახალი შემთხვევა, საერთო ჯამში ინფიცირებული 1596 გახლავთ. 28 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 12 არის „დონას“ კლასტერთან დაკავშირებული და ჯამში აღნიშნულ კლასტერში 36 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 3 დაავადებულ პირთან კონტაქტია, 3 არის რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელი, 2 დადასტურებული შემთხვევა იმპორტირებულია. აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 4 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში და იქ ეპიდზედამხედველობის კერაში გამოვლენილი პაციენტები გახლავთ. 4 პაციენტზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს კონტაქტების და წყაროს მოძიების მიზნით.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 15-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა არის 81%“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი დაინფიცირდა, 15 გამოჯანმრთელდა
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კოვიდცენტრებში 275 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 კრიტიკული პაციენტია, ხოლო 16-ის მდგომარეობა მძიმეა.
„კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 275 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კვლავ რჩება სამი კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი.
რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, ჩვენთან გუშინ 14 დადასტურებული შემთხვევა იყო, ორი გამოჯანმრთელდა, დაგვემატა ორი და კვლავ 14 პაციენტი გვყავს. ამ შემთხვევებიდან კვლავ ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი გვყავს. ასევე ერთის მდგომარეობა არის მძიმე, ხოლო დანარჩენები საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.