გასულ კვირას იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა ლოგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში იმყოფებოდა, სადაც ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ მას მაჭის ციხის ბილიკიც დაათვალიერებინა.
“ტყე განსაკუთრებით ლამაზი იყო, მოედინებოდა ულამაზესი მდინარე და სოკოები თითქოს ერთმანეთს სილამაზეში ეჯიბრებოდნენ, ხავსით დაფარული ქვები კი ტყის საიდუმლოს ინახავდნენ,” – აღნიშნა იაპონიის ელჩმა.
საქართველოში იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, ტადაჰარუ უეჰარამ მოინახულა მე-7 საუკუნის, არჩილ მეფის საზაფხულო სასახლის ნანგრევებიც, რომელიც მთლიანად სუროთი იყო დაფარული.
„ელჩს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რაც ჩინელი პოეტის დუ ფუს ლექსშია გადმოცემული, თითქოს ოდესღაც არსებული სამეფო განადგურდა, მაგრამ ბუნება (მთები და მდინარეები) მაინც ადგილზე დარჩნენ“, – წერია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს.