LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაუჯდება ქვეყანას ბუკიკიოს იმედგაცრუება – მთავრობა კონსტიტუციის გადახედვას გეგმავს

„მზად ვართ,  გავაგრძელოთ დიალოგი  და მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება კიდევ რაღაცებზე შეთანხმება“,  –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

კვირიკაშვილის ინფორმაციით, გუშინ “ვენეციის კომისიის” პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს ტელეფონით  ესაუბრა და  საქართველოს ხელისუფლების  გადაწყვეტილებამ, გაგრძელდეს დიალოგი, მისი კმაყოფილება გამოიწვია.

„ჩვენ შევეხეთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს. ბატონმა ჯანი ბუკიკიომ გამოხატა კმაყოფილება, ჩვენი მზადყოფნის გამო. მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა  და კიდევ მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება  რაღაცებზე შეთანხმება. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას ამ მიმართულებით“,  – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვენეციის კომისიის იმედგაცრუება

 „მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები“, –   კონსტიტუციის ახალმა პროექტმა  ვენეციის კომისიის კრიტიკა  განსაკუთრებით ახალი საარჩევნო სისტემის გამო დაიმსახურა. ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ახალი საარჩევნო რეფორმის დასანერგად 7 წელი ძალინ დიდ დროდ მიაჩნია და ხელისუფლებას და ოპოზიციას კონსულტაციებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა…

მიუხედავად რეკომენდაციისა, ხელისუფლებას დღემდე მტკიცე პოზიცია ეკავა და კონსტიტუციის პროექტში ცვლილებების შეტანას არ გეგმავდა .

„მესამე მოსმენით განხილვის პროცესში შესაძლებელია მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებების შეტანა , არსებითი ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა“,  – გადაჭრით აცხადებდა პარლამენტის თავმჯდომარე.

„საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.  ქვეყნის სტაბილურობისთვის ჩვენ სხვანაირად ვხედავთ სიტუაციას. ეს არის ვენეციის კომისიის კეთილი პოლიტიკური რჩევა და ვფიქრობ, ამ რჩევას 2024 წლისთვის სრულად გავითვალისწინებთ“ , –  ეს უკვე ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებაა.

ხელისუფლების პოზიციიდან გამომდინარე,  ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ საქართველო საკმაოდ კრიტიკული განცხადებით დატოვა.

„ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია“, -აცხადებდა  ჯანი ბუკიკიო.

როგორ აისახება საქართველოზე ბუკიკიოს იმედგაცრუება 

ქვეყნის პოლიტიკური იმიჯის შელახვა და  შემაფერხებელი ნატოსკენ და ევროკავშირისკენ გზაზე.  სწორედ ამ შედეგების წინაშე შიძლება დადგეს  საქართველო თუ  ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, გიორგი ბერაიას, განმარტებით, ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს ორგანო და, თუ ქვეყანას სურს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ევროპული ღირებულებებიც უნდა გაიზიაროს.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. არც რაიმე ტიპის სანქციებია გაწერილი ,  მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებას, ევროპულ ოჯახში გაერთიანებას ცდილობს და გეზი აქეთ აქვს აღებული, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობა ამ გზაზე სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება, იქცეს. ეს გამოიწვევს ქვეყნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობის დაყენებას  და ქვეყნის პოლიტიკური იმიჯის შელახვას საერთაშორისო ასპარეზზე,“ – განმარტავს „ფორტუნასთან“ ექსპერტი.

ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების მოთხოვნა  ლაიტმოტივად გასდევს ჩრდილოატლანტიკური კავშირის ყოველწლიურ შეხვედრებს, სხვა კომპლექსურ მოთხოვნებთან ერთად ნატო წევრობის მსურველ ქვეყნებს სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისკენ მოუწოდებს.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის  შემთხვევაშიც ისევე, როგორც ევროკავშირის, დიდი მნიშვნელობა აქვს წევრი ქვეყნების დემოკრატიულ ღირებულებებს.  ვენეციის კომისია არის ავტორიტეტული და გავლენიანი ორგანიზაცია, აღიარებული სამართლებრივი ინსტიტუტი  და ქვეყანას, რომელსაც სურს, გახდეს ნატოს და დასავლური გაერთიანებების წევრი, მის მიმართ განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნები არსებობს,“ – განაცხადა გიორგი ბერაიამ.

საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.  რა დათმობებზე აპირებს მმართველი გუნდი წასვლას , სწორედ  2-თვიანი ტაიმაუტის პერიოდში გაირკვევა.

 

თამუნა გოგუაძე