საგზაო უსაფრთხოების პრიორიტეტად გამოცხადების მოთხოვნით, საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო გლოვის დღედ გამოცხადება საკმარისი არ არის და ხელისუფლებამ საგზაო უსაფრთხოების გეგმა უნდა წარმოადგინოს.
“ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. ერთობლივად 17 ადამიანის დაღუპვა ტრაგედიაა, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ავტოკატასტროფით ყოველწლიურად 500 ადამიანი იღუპება, 8 000-მდე კი სხეულის დაზიანებას იღებს. მხოლოდ გლოვის დღედ გამოცხადება არ არის საკმარისი, ხელისუფლებამ საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად დასახული გეგმები საჯაროდ უნდა გამოაცხადოს.
აქციის მიზანია საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტი გახდეს, შეიქმნას საკოორდინაციო სისტემა ისეთივე რესურსების მობილიზებით, როგორც დღეს კორონავირუსს ვებრძვით.
საგზაო შემთხვევებში დაღუპულობა არ არის ნაკლები პანდემია. სახელმწიფოს აქტივობები საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად საკმარისი არ არის”, – აღნიშნა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
აქციაში მონაწილეობდნენ: ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „ჩემი ქალაქი მკლავს“, „საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაცია და „ურბანული ლაბორატორია“.