სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში წელს, ქართული ზეთისხილის პირველ მოსავალს აიღებენ და გადაამუშავებენ.
აღნიშნული საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ერთობლივი ინვესტიციითა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება“ ფარგლებში გაიხსნა.
პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა.
ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.
ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა (საათში 10 ტონა) ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის.
ქართული ზეთისხილი განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანია სამომავლოდ გეგმავს პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ-ს სივრცეში გაიტანოს. ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია კარფურისა და სხვა საერთაშორიოსო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს.
საწარმო კახეთის რეგიონში 100 ადგილობრივს ასაქმებს.
მომავალში იგეგმება წიბწის, ბროწეულის და ატმის კურკის ზეთის წარმოების დაწყებაც, რათა წარმოება არამხოლოდ სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში იყოს შესაძლებელი.
საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, დაათვალიერა.